ესტაფეტა | ვლადიმერ ნუცუბიძე ტოკიო 2020-სა და ქართველი ძიუდოისტების შანსებზე #1TVSPORT

14:54, 06.07.2021

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვლადიმერ ნუცუბიძე ძიუდოისტთა შეჯიბრის ერთ-ერთი არბიტრი იქნება და ეს არის ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველი შემთხვევა როდესაც ის ზედიზედ მეორე ოლიმპიურ თამაშებზე იმსაჯებს.

ვლადიმერ ნუცუბიძემ, რომელიც უნგრეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო არბიტრად აღიარეს, სპორტულ თოქ-შოუ „ესტაფეტაში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ მსაჯების შერჩევის პროცესი რიოს ოლიმპიური თამაშების დასრულებისთანავე დაიწყო. ახალ ჯგუფში 60 მსაჯი იყო წარმოდგენილი და ეს განაწილებული იყო კონტინენტური კვოტების, ასევე გენდერული თანასწორობის, მსაჯთა კვალიფიკაციის და სერთიფიცირების გათვალისწინებით, ყოველწლიურად ხდებოდა განთესვა და 16 არბიტრი უკვე 2020 წლის ოქტომბრიდან მსაჯობდა მხოლოდ უმაღლესი კატეგორიის შეჯიბრებებს და სწორედ ეს 16 მსაჯი იქნება წარმოდგენილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.

„რეგულაციებიდან გამომდინარე მსაჯი შეხვედრის უშუალო მონაწილედ ითვლება, რადგან ის ტატამზე დგას ორ სპორტსმენთან ერთად და შესაბამისად ყველა იმ საკარანტინო ზონას სპორტსმენებთან ერთად გაივლის. მსაჯი, ისევე როგორც მთლიანად გუნდის პერსონალი, სასტუმროში განთავსდება „ბაბლის“ პრინციპით. ტოკიოში ჩვენი მოძრაობის განრიგი უკვე განსაზღვრულია – აეროპორტი, სასტუმრო და დარბაზი.

შეჯიბრის დროს ტატამზე ყოველი შესვლის წინ სპეციალური სადიზინფექციო ხსნარით დავიმუშავებთ ხელებს და ე.წ. წინდებს, რომელიც ელასტიური მასალისგან შედგება. მსაჯს არ აქვს უფლება თავისუფლად იმოძრაოს დარბაზში. ეს აკრძალვა სხვა ადამიანთან ნებისმიერი ფორმის კონტაქტს გამორიცხავს.“

2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან სპეციფიკური ასპარეზი იყო და ეს გახლდათ ოლიმპიადის წინ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებული ბოლო გენერალური რეპეტიცია.

ბექა ღვინიაშვილის გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე:

„ის შეცდომა რომელიც ბექა ღვინიაშვილმა უნგრეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დაუშვა მის კარიერაში უკვე მეორედ დაფიქსირდა. ეს ილეთი რამდენიმე წელია აკრძალულია, რადგან ძალიან ტრავმულ ილეთად არის აღიარებული და შესაძლოა, მეტოქემ ამ დროს სერიოზული დაზიანება მიიღოს. ბექას საერთოდ არ სჭირდებოდა ამ ილეთის ჩატარება, რადგან ისედაც იგებდა შეხვედრას და არც მოწინააღმდეგე გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტიურობით და აგრესიულობით, რომ მას გაერისკა, მაგრამ ღვინიაშვილი იმდენად არის შეყვარებული ქართულ ჭიდაობაზე და იმდენად სისხლში აქვს გამჯდარი ამ ილეთის შესრულება, რომ ვერ მოითმინა და ამ შემთხვევაში მსაჯის შეცდომაზე საუბარი გამორიცხულია.“

რაც შეეხება ეთერ ლიპარტელიანს…

„მის შემთხვევაში იყო შეცდომა, რადგან წესებში ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი, როდის უნდა შეაჩეროს მსაჯმა ორთაბრძოლა და როდესაც ლიპარტელიანმა კიმონოს გასწორება დაიწყო, პაუზა მხოლოდ მეტოქის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, გაჩერდებოდა თუ გააგრძელებდა შეტევას. ამ შემთხვევაში მსაჯს, რომ შეჩერების გადაწყვეტილება მიეღო ეს მისი მხრიდან შეცდომად იქნებოდა აღიარებული და ის საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან სერიოზულადაც დაისჯებოდა.“

ქალთა ძიუდო დღეს ვაჟთა შეჯიბრს არაფრით ჩამოუვარდება, სანახაობრივად ძალიან დაიხვეწა და დღეს უკვე ევროპაში მრავლად არის ქვეყანა სადაც ქალთა ძიუდო ბევრად უფრო განვითრებულია.

„დღეს ძიუდო მთელს მსოფლიოში იმდენად პოპულარული სახეობა გახდა, რომ თითქმის აღარ არის შეჯიბრება, სადაც „ახალი“ ქვეყნის ახალგაზრდამ არ გაგაოცოს და არ არის გამორიცხული 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ქვეყნების გეოგრაფია კიდევ უფრო გაიზარდოს, არა მარტო მონაწილეთა არამედ გამარჯვებულების თვალსაზრისითაც. ეს მოსაზრება კიდევ უფრო გამყარდა რადგან წელს პანდემიის მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ქვეყნის რაოდენობა 173 იყო. გავიხსენოთ თუნდაც ჩვენი მძიმეწონოსანის, გელა ზაალიშვილის შეხვედრა სენეგალელ მბაგნიკ ნდიაესთან. გელამ ერთი გდებაც კი გაუშვა მასთან და, რომ არა იღბალი არავინ იცის ეს პაექრობა რა შედეგით დასრულდებოდა.“

ვლადიმერ ნუცუბიძემ ტოკიო 2020-ზე ქართველთა შანსებზეც ილაპარაკა:

„საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის ყველა წევრს აქვს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვების რეალური შანსი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით იაპონელებივით თავდაჯერებულები რომლებიც მინიმუმ 7-8 ოქროს მედლის მოგებას გეგმავენ, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით განსაკუთრებით კი ვაჟებში ეს გეგმა მათ ვერ შეასრულონ და ვთვლი გეგმაზომიერი სვლის და ფსიქოლოგიური მზადების პირობებში ჩვენ ოქროს მედლის მოგება არ უნდა გაგვიჭირდეს.“

მსგავსი