ესპანეთთან წაგების ხუთი ფაქტორი - სამქულიანის ფასი [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთთან წაგების ხუთი ფაქტორი - სამქულიანის ფასი [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩი ხაენში გამართა და ესპანეთის ნაკრებთან 61:89 დამარცხდა. როგორც წესი, დიდი სხვაობით წაგებულ შეხვედრებში უფრო მკაფიოდ ჩნდება პრობლემები, რომლებზეც ქვემოთ მოგახსენებთ.

 

ფაქტორი #1

სამი თორმეტზე

საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან მოგების შემდეგ ესპანეთში გაჰყვა თორნიკე შენგელია, თუმცა ხაენში ექიმებისგან მიიღო ცნობა, რომ ტრავმის გამო ესპანეთთან ვერ ითამაშებდა. თორნიკე, გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და თად მაკფადენი ინდივიდუალურად იმდენად მაღალი დონის კალათბურთელები არიან, ერთი-ერთზე ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა შეუძლიათ.

ამიტომ, წინასწარ ცხადი იყო, ესპანელთა მწვრთნელი სერჟიო სკარიოლო მათ ორმაგ მეურვეობას მიუჩენდა. რადგან საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელია გამოაკლდა, დაცვაში ესპანელთა ამოცანა გაიოლდა.

ქვემოთ მოცემულ ეპიზოდში გიორგი შერმადინმა გივი ბაქრაძისგან ბურთი ფარიდან საკმაოდ მოშორებით მიიღო, თუმცა მის წინაშე უმალ ოთხი ესპანელი აღიმართა. შესაბამისად, ალექსანდრე ფევაძე თავისუფალ პოზიციაში აღმოჩნდა, რაც ესპანელთა დაცვის შეცდომა არ ყოფილა, მწვრთნელის დავალება გახლდათ: პირველ რიგში ის კალათბურთელები შეეჩერებინათ, ვისგანაც მთავარ ხიფათს ელოდნენ – შერმადინი, მაკფადენი და ბურჯანაძე.

 

ფაქტორი #2

პრესინგი

არსებობს უამრავი ტიპის პრესინგი. ერთ-ერთი ყველაზე სარისკოა პრესინგი მთელს მოედანზე, ვინაიდან შემტევს მეტი სივრცე რჩება, თუმცა როდესაც სამი კალათბურთელი 40 წუთიდან 35-ს თამაშობს, ასეთი პრესინგის წინააღმდეგ მთელი თამაში გამკლავება ძალიან დამღლელია.

სწორედ ამიტომ მოსინჯა პირველივე ტაიმში ილიას ზუროსმა განაცხადში მყოფი ყველა მოთამაშე – ეძებდა კალათბურთელს, რომელიც მაკფადენს საქმეს შეუმსუბუქებდა, თუმცა ესპანეთის დონის გუნდის წინააღმდეგ ეს რთული ამოცანა აღმოჩნდა. ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა ხერხდებოდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში თადს ფეხი უკანახაზელებმა ვერ აუწყეს.

იყო იშვიათი სურათი – ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა გიორგი შერმადინს უწევდა.

 

ფაქტორი #3

სამქულიანი

უკრაინასთან თად მაკფადენმა 7 სამქულიანი ჩააგდო (12 მცდელობიდან). 7X3=21 – ესპანელთა მწვრთნელმა თავიდანვე სწორად გათვალა – მაკფადენის შეჩერება საქართველოს ნაკრების სამქულიანების განახევრებას ნიშნავდა. თუმცა განახევრებას ვინ ჩივის, თადის გარდა სამიანი ვერც ერთმა ჩვენიანმა ჩააგდო. 20 მცდელობიდან საქართველოს ნაკრებმა 4 გამოიყენა. ოთხივე ამერიკელის ანგარიშზეა.

ტანმაღალი ქართველები მაკფადენისთვის ბლოკის დაყენებას კი ცდილობდნენ, მაგრამ ტაქტიკის ეს დეტალი კარგად ჰქონდათ შესწავლილი ესპანელებს და ჩვენს უკანახაზელს მეტად რთული პოზიციიდან უწევდა ტყორცნა.

 

ფაქტორი #4

ჯარიმები

ბურჯანაძისა და შერმადინის წინააღმდეგ მასპინძლები თუ ორმაგი მეურვეობით ვერ გადიოდნენ ფონს, წესების დარღვევით ცდილობდნენ მათ შეჩერებას.

ამიტომ სტყორცნა შერმადინმა 9 საჯარიმო (ცხრავე ჩააგდო), ბურჯანაძემ – 7 (6 გამოიყენა).

ფოლების გადაჭარბებულ რაოდენობას ესპანელები არ შეუწუხებია: გერა რომც გავარდნილიყო, მას სიმა შეცვლიდა – ჩვენს მეტოქეს ხომ თორმეტი თანაბარი ძალის კალათბურთელი ჰყავს.

საყურადღებოა, რომ ესპანელები უხეშობას არც პერიმეტრზე ერიდებოდნენ:

 

ფაქტორი #5

სისწრაფე

ილიას ზუროსს დაცვაზე საუბრისას არაერთხელ აღუნიშნავს: როდესაც თავს მწყობრად ვიცავთ, მეტია შანსი, მოწინააღმდეგემ შეცდომა დაუშვას, რაც სწრაფი კონტრიერიშის საშუალებას იძლევაო.

ასე იყო ესპანეთის შემთხვევაშიც: საქართველოს 20 შეცდომა ჰქონდა, საიდანაც ესპანეთი 27 ქულას გამორჩა. კიდევ თუ ჩავეძიებით, მოგახსენებთ, რომ მასპინძლებმა საქართველოს ნაკრებს სწრაფი გარღვევებით 17 ქულა ჩაუგდეს (ჩვენმა გუნდმა – 4).

მაღალი ტემპი იყო ერთი მთავარი მიზეზი, რატომ ჩააგდო ესპანეთმა 89 ქულა, თუმცა ჩვენი მოწინააღმდეგე პოზიციური შეტევისასაც საკმარისად შედეგანი იყო:

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი ტურის შემდეგ ერთი მოგება აქვს. თებერვალში მას ორი მატჩი ელის – ორივე ჩრდილოეთ მაკედონიასთან (თბილისში და სკოპიეში).