ერთა ლიგა | სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი პირველ არხზე #1TVSPORT
ერთა ლიგა | სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ერთა ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრას სტუმრად სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

ფაქტები

  • საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებმა აქამდე ერთმანეთთან შვიდი შეხვედრა გამართეს. საქართველომ სამჯერ მოიგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ორჯერ სომხებმა გაიმარჯვეს. ამ მატჩებში საქართველოს ნაკრებმა 14 გოლი გაიტანა და 8 მიიღო.
  • დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება სომხეთთან ფიქსირდებოდა. 1997 წელს ამხანაგური მატჩი ნაკრებებს შორის თბილისში ჩატარდა და ქართველებმა 7:0 მოიგეს. 2023 წელს „ჯვაროსნებმა“ ეს შედეგი ტაილანდთან გააუმჯობესეს – 8:0
  • ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2020 წლის ერთა ლიგის გათამაშებაში შეხვდნენ. ერთი მატჩი 2:2 დასრულდა, ხოლო ერთში სომხეთმა 2:1 გაიმარჯვა.
  • ქართველი ფეხბურთელებიდან სომხეთის ნაკრების კარში ყველაზე მეტი გოლი (3) შოთა არველაძეს აქვს გატანილი.
1997 წლის 30 მარტი. საქართველო 7:0 სომხეთი

საქართველოს ნაკრები

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა 2024/25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის გათამაშება თავის ჯგუფში მესამე ადგილზე დაასრულა. საქართველოს ნაკრებს ჩეხეთმა და უკრაინამ აჯობეს, ხოლო ჯგუფში მეოთხე ადგილი ალბანეთმა დაიკავა. შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელები სომხეთთან ორმატჩიან დუელში გაარკვევენ, ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებას კვლავ B დივიზიონში გაატარებენ თუ C ლიგაში გადაინაცვლებენ.

საქართველოს ნაკრებში საკადრო პრობლემებია – თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ. ისინი 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ ნაკრებებს შორის გასამართ მეორე დაპირისპირებაში მიიღებენ მონაწილეობას.

ეროვნულ გუნდში ერთა ლიგის პლეი ოფის შეხვედრებისთვის ერთი ახალწვეულია, სანაკრებო შეკრებაზე ვილი სანიოლმა პირველად მიიწვია დონეცკის „შახტარის“ კუთვნილებაში მყოფი 21 წლის მცველი ლუკა ლაცაბიძე.

მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ძველი სისტემით თამაში რთული იქნება და გადამწყვეტი როლი მოედანზე სათამაშო დისციპლინას ექნება.

ფოტო: ეროვნული ნაკრები

სომხეთის ნაკრები

საქართველოს ნაკრების მეტოქემ ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ჩვენმა მეზობლებმა ფარერის კუნძულებსა და ლატვიას აჯობეს, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიას ჩამორჩნენ. შესაბამისად, უკეთეს ლიგაში ადგილის მოსაპოვებლად პლეი ოფში იბრძოლებენ.

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მსვლელობისას მთავარი მწვრთნელი, უკრაინელი ოლექსანდრ პეტრაკოვი გაათავისუფლა, ხოლო მიმდინარე წლის 17 თებერვალს მთავარ მწვრთნელად ნიდერლანდელი ჯონ ვან’ტ სხიპი დანიშნა, რომელიც 2023/24 წლის სეზონში ამსტერდამის „აიაქსში“ გიორგი მიქაუტაძის დამრიგებელი იყო. 61 წლის ნიდერლანდელ სპეციალისტთან საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს მცირე სათამაშო დრო ჰქონდა.

პეტრაკოვისგან განსხვავებით, რომელიც უპირატესობას დაცვით სტაბილურობას ანიჭებდა და ბურთის კონტროლზე აქცენტი ნაკლებად ჰქონდა, ვან’ტ სხიპისთვის მნიშვნელოვანია მეტი შეტევა, მოედანზე დროისა და სივრცის კონტროლი.

ნიდერლანდელმა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართველების წინააღმდეგ თამაში მისი ნაკრებისთვის დიდი გამოწვევაა და სანიოლის გუნდი მაგალითია, როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას პატარა ქვეყანამ.

შეხვედრის მსაჯი

სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს რუმინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის, ხოლო ვიდეორეფერის ოთახში იტალიელები იმუშავებენ.

მთავარი არბიტრი რადუ პეტრესკუ იქნება, მას რადუ გინგულეაკი და მირჩა მიხაილ გრიგორიუ დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯი ანდრეი ჩივულეტეა.

42 წლის რადუ პეტრესკუ ფიფა-ს მსაჯი 2012 წელს გახდა, ამჟამად ის უეფა-ს პირველი კატეგორიის არბიტრთა შორისაა. ვიდეორეფერის ფუნქციებს ალესანდრო დი პაოლო და ფედერიკო ლა პენა შეასრულებენ.