სომხეთის ნაკრების მწვრთნელი ჯონ ვან'ტ სხიპი - გიორგი მიქაუტაძე შესანიშნავი ფეხბურთელია, „ლიონში“ კარგად თამაშობს და მას წარმატებას ვუსურვებ #1TVSPORT
ერთა ლიგის პლეი ოფში საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე სომხეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა კომენტარი გიორგი მიქაუტაძის შესახებაც გააკეთა, რომელთან ერთადაც ამსტერდამის „აიაქსში“ მუშაობდა.
„საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. ისინი სწორ ფეხბურთს თამაშობენ და ზუსტად იციან, მოედანზე რა უნდა გააკეთონ. ჩვენთვის მათ წინააღმდეგ გამოსვლა დიდი გამოწვევაა. ეს გუნდი მაგალითია, როგორ უნდა მიაღწიოს პატარა ქვეყანამ დიდ წარმატებას და ეს გზა ჩვენც უნდა გავიაროთ.
გიორგი მიქაუტაძეს „აიაქსში“ შანსი რამდენჯერმე მივეცი, თუმცა დიდი სათამაშო დრო არ ჰქონია. მაშინ ორი თავდამსხმელი, ჩუბა აკპომი და ბრაიან ბრობი გვყავდა, ხოლო გიორგის სხვა პოზიციაზე გამოყენება გვიწევდა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, „ლიონში“ კარგად თამაშობს და წარმატებებს ვუსურვებ.
გაკვირვებული ვარ, სომხეთის ნაკრებში ისეთი პროფესიონალები მუშაობენ. ეს პროექტი მომწონს და ვეცდები, წარმატებას მივაღწიოთ. სომხეთის ჩემპიონატის შეხვედრებს დავესწარი. მინდა, რომ სომეხმა ფეხბურთელებმა მაღალი დონის ლიგებში ითამაშონ. ნაკრები მსოფლიოსთვის უნდა მოვამზადო, უახლოესი მიზანი კი საქართველოსთან მოგებაა.
აქ ცოტა ხნის წინ მოვედი, ფეხბურთელების გასაცნობად დიდი დრო არ მქონია, თუმცა გარკვეული პროგრესი გვაქვს, მოთამაშეებსაც ჩემი ესმით და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ“, – განაცხადა ჯონ ვან’ტ სხიპმა.
ერთა ლიგაზე სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 20 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.