ერთა ლიგა | საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

09:00, 25.09.2026

25 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან ჩაატარებს. „დინამო არენაზე“ მატჩი 20:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრები

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი მიზნად ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას და A ლიგაში გადასვლას ისახავს – ფრანგ სპეციალისტს მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს ამ მიზნის მიღწევა შეუძლია.

„გუნდში კარგი ატმოსფეროა. მართალია, გვყავს უთამაშებელი ფეხბურთელებიც, მაგრამ ბიჭებს აქვთ ამბიცია, რომ მატჩები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ.

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების თამაშებს ვუყურებდი და მათ კარგად ვიცნობ. მთავარია, ბურთი გავაკონტროლოთ. კარგად ვემზადებით და იმედი მაქვს, რომ ვარჯიშებზე ნაჩვენებ ფეხბურთს მოედანზეც გადავიტანთ“, – განაცხადა სანიოლმა წუნასამატჩო პრესკონფერენციაზე.

2026 წელს „ჯვაროსნებმა“ ოთხი მატჩი ჩაატარეს და  დაუმარცხებლები არიან – მოუგეს ლიეტუვასა და ბაჰრეინს, ფრედ ითამაშეს ისრაელთან და რუმინეთთან.

ჩრდილოეთ ირლანდია

ჩრდილოეთ ირლანდია ერთა ლიგის გასულ სეზონში პლეიოფში გავიდა, სადაც იტალიასთან გასვლითი მატჩში 0:2 დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა.

ამის შემდეგ ბრიტანელებმა ფრედ (1:1) ითამაშეს უელსთან, დაამარცხეს გვინეა (1:0) და დათმეს მატჩი საფრანგეთთან (1:3). იმ შეხვედრაში ფრანგებმა თითქმის უძლიერესი შემადგენლობით ითამაშეს.

მოსალოდნელია, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის დაცვის ხაზს დენ ბალარდი დაუბრუნდება, რომელიც ტრავმირებულ რუარი მაკკონვილს შეცვლის. ო’ნილმა უნდა გადაწყვიტოს, დატოვოს თუ არა ჯეიმი დონლი შეტევის წინა ხაზზე.

საინტერესოა ბრიტანული საფეხბურთო პორტალის, Sportsmole-ის პროგნოზი, რომელიც საქართველოს ნაკრების მოგებას (3:1) ვარაუდობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ო’ნილის ხელმძღვანელობით ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები თამაშს აუმჯობესებს, თბილისში გასვლითი მატჩი, თანაც საკვანძო მოთამაშეების გარეშე, მათთვის რთული გამოწვევა იქნება. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ გამარჯვებას საქართველოს ნაკრები მოიპოვებს“, – წერს Sportsmole.

ურთიერთშეხვედრები

საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებები აქამდე ერთხელ, 2008 წელს ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს და ის თამაში ჩრდილოეთ ირლანდიამ მოიგო.

არბიტრი

საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩს ისრაელის წარმომადგენლები მოემსახურებიან – მთავარი მსაჯი ორელ გრინფელდი იქნება, მას როი ჰასანი და იდან იარკონი დაეხმარებიან. აღსანიშნავია, რომ ერთა ლიგის გასული სეზონის პორველ მატჩს, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა, სწორედ გრინფელდი სჯიდა.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი სექტემბერსა და ოქტომბერში:

25 სექტემბერი, 20:00 | საქართველო – ჩრდილოეთ ირლანდია

28 სექტემბერი, 20:00 | საქართველო – უკრაინა

2 ოქტომბერი, 22:45 | უნგრეთი – საქართველო

5 ოქტომბერი, 22:45 | ჩრდილოეთ ირლანდია – საქართველო

მსგავსი