ეროვნული ლიგა | „რუსთავის“ მწვრთნელი გია ცეცაძე – ჩემპიონობაზე უარს არ ვიტყვით #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბის, „რუსთავის“ მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ „დინამო თბილისთან“ ეროვნული ლიგის შეხვედრაში დიდი ანგარიშით (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ამ მოგებით „რუსთავმა“ დაამტკიცა, რომ ლიგა 2-დან გადმოსულ გუნდს ჩემპიონობის სერიოზული ამბიცია აქვს.
„კარგია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ და გახარებულები ვართ. არის მომენტი, როცა წაგების შემდეგ უფრო ბევრს საუბრობ, ასეთი თამაშის მოგების მერე კი სიტყვებს ვეღარ პოულობ.
ზედმეტი თავმდაბლობაც არ იქნება სწორი. როდესაც ყველა თამაშში მოსაგებად გადიხარ და ამას ახერხებ, ბუნებრივია, ჩემპიონიც გახდები – ამაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვით. ფრაზა, რომ უბრალოდ დასახულ გეგმას მივყვებით, ახლა უკვე ძალას კარგავს.
„რუსთავის“ მთავარი პლუსი გუნდურობაა. ჩემი აზრით, თამაშებს სწორედ ეს და, ცხადია, ფეხბურთელების ინდივიდუალიზმი გვაგებინებს. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა და თუ ჩემპიონატის დარჩენილ ნაწილსაც ასე ჩავატარებთ, პირველ ადგილზე ნამდვილად გავალთ“, – ამბობს ცეცაძე.
21 ტურის შემდეგ „რუსთავს“ 38 ქულა აქვს, გათამაშების ლიდერია და უახლოეს მდევარს 4 ქულით აღემატება.