ეროვნული ლიგა | პირველი წრის ტოპ-3 გოლი - ჯეფერსონის „მაკრატელა“ საუკეთესოა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხი ახალი სეზონიდან ეროვნული ლიგის ყოველ ტურში ტოპ-3 გამორჩეულ გოლს ასახელებს. ეს ძალიან რთული საქმეა, ცხადია, ყველას თავისი ვერსია გაგაჩნია და სამეული ყოველთვის საკამათო იქნება, რადგან ეროვნული ლიგის პირველი წრის 45 მატჩში ბევრი ეფექტური გოლი ვიხილეთ. მათგან სამი საუკეთესო შევარჩიეთ.

 

3. გიგი იოსელიანი

მე-5 ტური, სამტრედია-ლოკომოტივი 3:4

ეს იყო პირველი წრის ყველაზე საინტერესო შეხვედრა. „სამტრედია“ ამ გოლამდე 1:3-ს აგებდა. მეკარე ბექა ქურდაძის წამოწყებული შეტევა მარცხენა ფლანგზე ირაკლი რუხაძემ განავითარა და საჯარიმოსთან კარგი გადაცემით გიგი იოსელიანი მოძებნა, მან კი ისე მოჭრა და კარის „ცხრიანი“ ისეთი ლამაზი დარტყმით შეარხია, სანახავად უდავოდ ღირს.

 

2. ნიკა გაგნიძე

მე-9 ტური, დილა-დინამო (ბთ) 2:1

გორის „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ „დილამ“ ბათუმის „დინამო“ 2:1 დაამარცხა. გოლი მნიშვნელოვანიც იყო (გორელებს მეორეადგილოსანთან გამარჯვება მოუტანა) და რაც მთავარია, ლამაზი. რევაზ ჩიტეიშვილის ჩაწოდების შემდეგ ნიკა გაგნიძემ ეფექტური დარტყმით გაიტანა. ასეთი გოლით ნებისმერი ვარსკვლავი იამაყებს.

 

1. ჯეფერსონ ჯერალდო

მე-3 ტური, შუქურა-სამტრედია 1:0

მესამე ტურის 5 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გავიდა. თუმცა ამ ტურში გავიდა გოლი, რომელიც პირველი წრეში საუკეთესოდ დავასახელეთ.

ზესტაფონში „შუქურამ“ „სამტრედია“ 1:0 დაამარცხა. 77-ე წუთზე, მირზა ფარტენაძის განვითარებული სწრაფი კონტრშეტევა ჯეფერსონ ჯერალდომ ულამაზესი „მაკრატელათი“ დააგვირგვინა და „შუქურას“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა – 1:0.

 

სამწუხაროდ, ბევრი ძალიან კარგი გოლი ვერ შევიდა ამ სამეულში – თორნიკე კირკიტაძის (მე-7 ტური, ლოკომოტივი-სამგურალი 2:3) ქუსლით გატანილი, ბექა დარცმელიას (მე-8 ტური, ტორპედო-ლოკომოტივი 1:3) უძლიერესი და ეფექტური გასროლა, იმერული დერბის მშვენება სერგო კუხიანიძის (მე-9 ტური, სამგურალი-ტორპედო 2:1) გოლი, სწრაფი და სამაგალითო კომბინაციის შედეგად გატანილი გიორგი ფანცულაიას (მე-4 ტური, დინამო (ბთ) – სამტერდია 2:0) გოლი, პაატა ღუდუშაურის (მე-2 ტური, სამტრედია – დილა 0:2)…