ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გაიმართა

ეროვნულმა ბანკმა საკასო ცენტრში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტებმა საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელებს დეტალურად გააცნეს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც საქართველოს საფინანსო სექტორში საერთაშორისო ფინანსური სანქციების სრული დაცვით განხორციელდა. ფინანსური სანქციები აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო რუსეთის ფედერაციას დაუწესეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რის შედეგადაც ბანკებს მუდმივად მიეწოდებათ განახლებული მონაცემები სანქცირებული პირების და ორგანიზაციების შესახებ. სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება არც ქართული ბანკების ინტერესში არაა, ხოლო მათ საქმიანობას მუდმივად აკონტროლებს ეროვნული ბანკი.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც გამორიცხავს ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022 წლის 1 აპრილის პრესრელიზში გაკეთებული ჩანაწერიც ადასტურებს, იმას, რომ ჩვენი ფინანსური სისტემა სრულად ითვალისწინებს სანქციებს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან მოისმინეს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც ცენტრალურმა ბანკმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულების უზრუნველსაყოფად გაატარა.

„სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მძლავრი სისტემა აქვს შემუშავებული იმისათვის, რომ რუსეთის საწინააღმდეგოდ მის მიერ უკრაინის ოკუპაციის გამო დაწესებული ფინანსური სანქციების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. ეს რუსეთის მიერ უკრაინის უკანონო დაპყრობაზე რეაგირების უმთავრესი ასპექტია. სანქციების დაწესების მიზანი პუტინის საომარი მანქანის მოშლა და რუსული ჯარის მიერ უკრაინის ხალხისთვის ზიანის და ტკივილის მიყენების უნარის შეზღუდვაა. ამიტომ ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველომ სათანადო ღონისძიებები გაატარა, რადგან ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც გვთავაზობს, რომ საქართველო სანქციების ასარიდებლად იქნებოდა გამოყენებული, დამღუპველი იქნებოდა არა მხოლოდ სანქციების დაწესების რეჟიმის, არამედ უკრაინის და თვითონ საქართველოსთვისაც“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

კობა გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის, ხაზი გაუსვა ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას და სთხოვა, თავიანთი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს და ფინანსურ ორგანიზაციებს აცნობონ საქართველოს ფინანსური სისტემის სანქციების სრული დაცვით ფუნქციონირების შესახებ.