ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე გაზარდა
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე გაზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ახდენს. მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც მიზნად ისახავს გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზემოქმედების განეიტრალებას. მიუხედავად ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი გამყარებისა, გაცვლითი კურსი გაუფასურებული რჩება, რაც მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მოლოდინს უწყობს ხელს. როგორც კომიტეტის წინა გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, ინფლაციის საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შესანარჩუნებლად, პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზემოქმედების აღმოფხვრამდე გაგრძელდება. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამავე ინფორმაციით, პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე წნეხი.

ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზომიერი ზრდის ტემპი ნარჩუნდება. საგულისხმოა, რომ წინა თვეებში კლების შემდეგ, ოქტომბერ-ნოემბერში ტურისტული შემოსავლების წლიური ზრდა დაფიქსირდა. ასევე, მესამე კვარტალში გაიზარდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება. აღნიშნული საგარეო დინამიკისა და მდგრადი დაკრედიტების ფონზე, წინასწარი მონაცემები საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს, და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებენ უწყებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 29 იანვარს ჩატარდება.