ეროვნული ბანკი - მარტში ფულადი გადმორიცხვები ყველა მეზობელი ქვეყნიდან შემცირდა
ეროვნული ბანკი - მარტში ფულადი გადმორიცხვები ყველა მეზობელი ქვეყნიდან შემცირდა

2022 წლის მარტში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 2.6 პროცენტით მოიმატა და 193.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა, 3.6 პროცენტით, 24.0 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

„საანგარიშო თვეში, რეგიონის ქვეყნებიდან ზრდის მაღალი ტემპით 217.1 პროცენტით ყაზახეთიდან და 127.8 პროცენტით ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები გამოირჩეოდა, რომელთა ცვლილება მთლიანი გზავნილების ცვლილებაში, შესაბამისად, 2.7 და 0.6 პროცენტული პუნქტებით აისახა. ფულადი გადმორიცხვები ყველა მეზობელი ქვეყნიდან – რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემცირდა. საანგარიშო პერიოდში წლიურ დონეზე ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხები 14.1 პროცენტით გაიზარდა, რაც, ძირითადად, გერმანიიდან, იტალიიდან და გაერთიანებული სამეფოდან გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. საბერძნეთიდან გზავნილების მოცულობა 8.3 პროცენტით შემცირდა. დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა აშშ-დან და ისრაელიდან მიღებულმა თანხებმა. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთი და აშშ წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ამასთან, ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.0081-დან 3.2421-მდე, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.4115-დან 3.5715-მდე გაუფასურდა. თვის ბოლოს კი, ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 3.1013 და 3.4496 შეადგინა.