ეროვნული ბანკი - მაისში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.76 პროცენტით გაიზარდა, უცხოური ვალუტით კი, 4.14 პროცენტით შემცირდა
ეროვნული ბანკი - მაისში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.76 პროცენტით გაიზარდა, უცხოური ვალუტით კი, 4.14 პროცენტით შემცირდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2021 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, 616.81 მლნ. ლარით, ანუ 1.54%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 39.53 მლრდ ლარი შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 311.38 მლნ ლარით, ანუ 1.76%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 928.19 მლნ ლარით, ანუ 4.14%-ით შემცირდა.

ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.73 მლრდ ლარი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.50%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით 13.47 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 3.99%-ით ნაკლებია.

2021 წლის მაისში 0.51%-ით, ანუ 100.51 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 19.57 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 45.63 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.48 პროცენტული პუნქტით.