ერლინგ ჰალანდი „მანჩესტერ სიტის“ „ბარსელონას“ შეთავაზების შესწავლას თხოვს #1TVSPORT

16:36, 21.03.2026

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა ერლინგ ჰალანდმა თხოვა კლუბის ხელმძღვანელობას – განიხილოს მისი ტრანსფერის თაობაზე „ბარსელონასა“ და სხვა გუნდების წინადადებები. ამის შესახებ წერს გამოცემა Football365.

წყაროს ცნობით, ნორვეგიელი ფორვარდი სერიოზულად განიხილავს „სიტიდან“ წასვლის შესაძლებლობას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპიდან გავარდნის შემდეგ.

გარდა ამისა, დიდია იმის ალბათობა, რომ მანჩესტერული კლუბი წელს ვერ მოიგებს ინგლისის პრემიერლიგას. შესაბამისად, ჰალანდი უკმაყოფილოა იმით, რომ გუნდი ზედიზედ მეორე სეზონს დაასრულებს დიდი ტიტულების გარეშე. გარდა ამისა, ნორვეგიელისთვის ცნობილია, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ზაფხულში წასვლის შესახებ.

საბოლოო ჯამში, 25 წლის ფეხბურთელი იმედგაცრუებულია ამჟამინდელი პროექტით და გადაიფიქრა კიდევ ერთი წლით „სიტიში“ დარჩენა. ამიტომაც, კლუბმა შეიძლება გაყიდოს ჰალანდი და მის ნაცვლად ახალი ფორვარდი შეიძინოს.

ამ სეზონში ჰალანდმა ყველა ტურნირზე 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 30 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი ხელშეკრულება „სიტისთან“ 2034 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მსგავსი