ერევნის პოლიციამ აქციის 30 მონაწილე დააკავა
ერევნის პოლიციამ აქციის 30 მონაწილე დააკავა

ერევნის პოლიციამ დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქციის 30 მონაწილე დააკავა. სომხეთის პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თუ დაკავებულებს უახლოესი სამი საათის განმავლობაში არ გამოუშვებენ, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ კანონდარღვევაში იქნებიან ეჭვმიტანილები.

სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას განაგრძობენ, დროდადრო კი პოლიციასთან დაპირისპირება ხდება. დემონსტრანტებმა სომხეთის მთავრობის სახლის ბლოკირება სცადეს, სადაც პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის ხელმძღვანელობით ახალი მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.

უკვე რამდენიმე დღეა, ერევანში ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით, საპროტესტო გამოსვლები იმართება.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას აპროტესტებენ. ​გუშინ დემონსტრანტებმა რამდენიმე სამთავრობო შენობის ბლოკირება მოახდინეს.

აქციების მიმდინარეობის დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია დაკავებულთა სხვადასხვა რაოდენობის შესახებ.

დღეს დილით დემონსტრანტები მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც სომხეთის სპეციალური დანიშნულების რაზმმა დემონსტრანტების ტერიტორიიდან გაყვანა დაიწყო. დააკავეს მომიტინგეთა ნაწილი.

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად  ექსპრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 17 აპრილს დაამტკიცა.