ერდოღანი სირიაში ოპერაციის შეჩერების შეთანხმებას ეხმაურება - ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას
ერდოღანი სირიაში ოპერაციის შეჩერების შეთანხმებას ეხმაურება - ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას

სირიის ჩრდილოეთში თურქული სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ შეჩერების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

„ბატონო პრეზიდენტო, უფრო მეტი სიცოცხლე გადარჩება, როდესაც ჩვენ ტერორიზმს დავამარცხებთ, რომელიც კაცობრიობის მთავარი მტერია. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას“, – წერს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

თურქეთის ლიდერს მრავალსაათიანი მოლაპარაკებები ჰქონდა ამერიკულ დელეგაციასთან, რომელსაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებების შემდეგ მაიკ პენსმა გამოაცხადა, რომ აშშ-ი და თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, სირიაში ოპერაციის შეწყვეტით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნდება.