ექსკლუზივი | ირმა ხეცურიანი - ტოკიოს პარალიმპურ თამაშებზე ჩვენგან მაღალი სინჯის მედლებს ელოდეთ #1TVSPORT
ექსკლუზივი | ირმა ხეცურიანი - ტოკიოს პარალიმპურ თამაშებზე ჩვენგან მაღალი სინჯის მედლებს ელოდეთ #1TVSPORT

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია. ვარშავაში მიმდინარე შეჯიბრების ფინალში საქართველის ნაკრების წევრებმა ირმა ხეცურიანმა, ნინი თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა უკრაინის ნაკრების დამარცხება შეძლეს და პირველობა არავის დაუთმეს.

მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ რომელიც ამავდროულად საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია ექსკლუზიურად საქართველოს რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალოსნები გავხდით და მაშინვე ვთქვით, რომ მომდევნო ჩემპიონატზე ოქროს მედლები ჩვენი იქნებოდა და დღეს ეს სიტყვა გოგონებმა პირნათლად შეასრულეს. პოლონეთის დედაქალაქში საქართველოს ჰიმნი ავაჟღერეთ და ეს ოლიმპიადის წინ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ოლიმპიადის წინ საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგის ნომერ პირველი გუნდია. მე და ნაკრების მწვრთნელი მალხაზ მესხი ჩვენი გოგონების ფარიკაობის ხარისხით აღფრთოვანებულები ვართ და უკვე 2024 წელს პარიზში ამ ნაკრებს რეალური შანსი აქვს ოლიმპიური ჩემპიონი გახდეს, რადგან ამ ოლიმპიადაზე ჩვენ ხმლით გუნდურ ფარიკაობაში ვერ ვიასპარეზებთ.

მსოფლიო საქართველოს ნაკრების გამოსვლის მოლოდინში იყო, მაგრამ მაინც სკეპტიკურად უყურებდნენ უკრაინის უძლიერესი გუნდის დამარცხების შესაძლებლობას. პირადმა მწვრთნელმა მალხაზ მესხმა პანდემიის პერიოდი მზადების კუთხით ძალიან სწორად გამოიყენა და შედეგიც სახეზეა“.

ირმა ხეცურიანი (საქართველოს ნაკრების წევრი, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული):

„ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იმდენად მზად ვიყავით წარმატებისთვის, რომ ეს შედეგზეც აისახა. უკრაინასთან ხმლით ფარიკაობის გამოცდილება არ გვქონდა, ჩვენ ვაფასებდით მხოლოდ ინდივიდუალურად გამოსვლისას მათ შესაძლებლობებს. პირველ შეხვედრაში მაშინ როდესაც ანგარიში 44:44 იყო ნინა თიბილაშვილს სრულიად დაუმსახურებლად წითელი ბარათი მისცეს, ფინალამდე პოლონელებს მოვუგეთ, გადამწყვეტი ბრძოლა კი ისევ უკრაინასთან იყო და გუნდის კაპიტანმა ნინა თიბილაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ანგარიში 45:43 საქართველოს სასარგებლოდ დაფიქსირებულიყო.

უკრაინელებმა ფინალის შემდეგ იტირეს რადგან გაუჭირდათ იმის აღიარება, რომ საქართველოს გუნდი უძლიერესია.

აქვე არ შემიძლია არ ავღნიშნო დიანა ჯიშიაშვილის წარმატების შესახებ, ის C კატეგორიის შეჯიბრზე გამოდიოდა და რაპირით ფარიკაობაში ვერცხლის, ხოლო დაშნით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ტოკიოს პარალიმპურ თამაშებზე ელოდეთ ჩვენგან მაღალი სინჯის მედლებს, ჩვენ სამივე სპორტსმენს გვაქვს ოლიმპიური ლიცენზია და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, თქვენ კი მადლობა გულშემატკივრობისთვის”.

9 ივლისიდან ვარშავაში საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრების წევრები ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებაზე იასპარეზებენ, სამშობლოში 12 ივლისს დაბრუნდებიან.