ენტონი ფაუჩი - პანდემიისას შიდაპოლიტიკური დაპირისპირებების დრო არ არის
ენტონი ფაუჩი - პანდემიისას შიდაპოლიტიკური დაპირისპირებების დრო არ არის

აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პანდემიის დროს შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები მიზანშეწონილი არ არის.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ფაუჩიმ ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ექიმი ფაუჩი, მასთან შედარებით, ბევრად პოპულარულია, მიუხედავად იმისა, რომ ის ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობს.

აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთ შტატში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იმიტომ მოიმატა, რომ ამ შტატებმა სამედიცინო ექსპერტების რჩევები არ გაითვალისწინეს.

„მე მათ არ დავასახელებ, მაგრამ ზოგიერთმა შტატმა არ გაითვალისწინა ის რეკომენდაციები, რომლებიც გავეცით. იმედია, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ერთზე მეტი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა გვექნება, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებთან ერთად იმუშავებს“, – განაცხადა ფაუჩიმ.