დონალდ ტრამპი - ენტონი ფაუჩიმ მიიღო მოწონების მაღალი რეიტინგი, მე კი არავის მოვწონვარ
დონალდ ტრამპი - ენტონი ფაუჩიმ მიიღო მოწონების მაღალი რეიტინგი, მე კი არავის მოვწონვარ

მე არავის მოვწონვარ, ეს შესაძლოა, იყოს მხოლოდ ჩემი ინდივიდუალურობა, – ასე იხუმრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგის, ენტონი ფაუჩის მაღალ რეიტინგზე საუბრისას. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

დოქტორი ფაუჩი, რომელიც კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის აშშ-ის სამთავრობო გუნდის წევრია, ქვეყნის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ფიგურაა, რომლის რჩევებს აშშ-ის ბევრი მოქალაქე ითვალისწინებს.

ენტონი ფაუჩის საკითხი დონალდ ტრამპის პრესკონფერენციაზე მას შემდეგ წამოიწია, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებად ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენებას მხარი დაუჭირა. ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტის გამოყენებამ შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობას სხვა პრობლემები შეუქმნას.

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ გასულ თვეში გააუქმა ჰიდროქსიქლოროქსინის გადაუდებელი მოხმარების ნებართვა „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ, მას შემდეგ, რაც რამდენიმე გამოკვლევამ მისი ეფექტიანობა ეჭვქვეშ დააყენა.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის და მისი ადმინისტრაციის სხვა წევრები ოვაციებს იმსახურებენ ვირუსის მართვისთვის, არა მხოლოდ ფაუჩი და სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი ცნობილი წევრი, დებორა ბირქსი.

„ის მუშაობს ჩვენს ადმინისტრაციასთან და ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, რასაც ფაუჩი და სხვები გვეუბნებოდნენ. მან მიიღო მოწონების მაღალი რეიტინგი. რატომ არ გვაქვს მე და ადმინისტრაციას მოწონების მაღალი რეიტინგი ვირუსთან დაკავშირებით? ჩვენ მაღალი რეიტინგი უნდა გვქონდეს. ეს გარკვეულწილად უცნაურია, ადამიანი მუშაობს ჩვენთვის, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ მაღალ შეფასებას იმსახურებენ და მე კი არავის მოვწონვარ. ეს შესაძლოა, იყოს მხოლოდ ჩემი ინდივიდუალურობა“, – განაცხადა ტრამპმა.