ენტონი ბლინკენი - რუსეთი არ არის დაინტერესებული უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებით
ენტონი ბლინკენი - რუსეთი არ არის დაინტერესებული უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებით

რუსეთი არ არის დაინტერესებული უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე, ამიტომ ბრაზი უკრაინის მოქალაქეებისკენ მიმართა. ბლინკენის განცხადებით, მას შემდეგაც კი, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულა“ წარადგინა, პუტინმა აგრესიის მასშტაბები გაზარდა.

„დიპლომატიას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, თუ მხარეები, და ამ შემთხვევაში რუსეთი, რეალურად დაინტერესებულნი არიან აზრიანი დიპლომატიით. ის, რაც ჩვენ ვნახეთ სულ ცოტა ხნის წინ, ზუსტად საპირისპიროა. როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ „დიდი ოცეულის“ ქვეყნების წინაშე, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები არიან, წარადგინა წინადადება, როგორ წავიდეთ წინ, მშვიდობისკენ, რა გააკეთა ვლადიმერ პუტინმა? გააორმაგა და გაასამმაგა ყველაფერი, რასაც აკეთებდა, ძალების მეტი მობილიზება, უკრაინის ტერიტორიების ანექსია და ახლა ცდილობს ზამთრის იარაღად გამოყენებას. მან ვერ შეძლო ბრძოლის ველზე გამარჯვება, ასე რომ, ის, ძირითადად, მიმართავს თავის ბრაზსა და ცეცხლს უკრაინელ სამოქალაქო პირებზე, სამიზნეში იღებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ცდილობს, გამორთოს განათება, სითბო, ელექტროენერგია. სწორედ ეს ხდება. ასე რომ, სანამ პუტინი არ აჩვენებს, რომ ის რეალურად დაინტერესებულია სერიოზული დიპლომატიით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სადმე წავიდეს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.