ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს
ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეგი „ტვიტერში“ აცხადებს, რომ ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვების გამო, მისია შეშფოთებულია.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან გამშვებ პუნქტებზე დაწესებული შეზღუდვების გამო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ადასტურებენ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე გადაადგილების მნიშვნელოვნად შემცირების ფაქტს. გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და აზარალებს ადგილობრივ მცხოვრებლებს“, – აცხადებს ერიკ ჰოეგი.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ნაწილობრივ ჩაკეტვა განიხილება, როგორც მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა.

დატოვე კომენტარი