ემანუელ მაკრონი - ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი არ გაიმართებოდა, სომხეთის ლიდერები რომ რუსეთის ხელში ყოფილიყვენ, სომხეთმა გააკეთა არჩევანი და საფრანგეთმა მას მხარი უნდა დაუჭიროს
ემანუელ მაკრონი - ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი არ გაიმართებოდა, სომხეთის ლიდერები რომ რუსეთის ხელში ყოფილიყვენ, სომხეთმა გააკეთა არჩევანი და საფრანგეთმა მას მხარი უნდა დაუჭიროს

ეს სამიტი არ გაიმართებოდა, სომხეთის ლიდერები რომ რუსეთის ხელში ყოფილიყვენ ან მის მიმართ ორაზროვანი პოზიცია ჰქონოდათ. სომხეთმა, ფაქტობრივად, გააკეთა არჩევანი და საფრანგეთმა მას მხარი უნდა დაუჭიროს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ერევანში არასდროს ჩატარდებოდა, თუ სომხეთს რუსეთი გააკონტროლებდა ან მათი ურთიერთობები ორაზროვანი იქნებოდა.

„შემიძლია გითხრათ, რომ ეს შეხვედრა არ გაიმართებოდა, სომხეთის ლიდერები რომ რუსეთის ხელში ყოფილიყვნენ ან მის მიმართ ორაზროვანი პოზიცია ჰქონოდათ. სომხეთმა, ფაქტობრივად, გააკეთა არჩევანი, გამოვიდეს ამ შეზღუდვებიდან და ევროპისკენ შემობრუნდეს. ჩვენ ამას ვერ დავაიგნორებთ. საფრანგეთმა უნდა მიიღოს ეს არჩევანი და მხარი დაუჭიროს მას“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე ისაუბრა 2020 წლის ყარაბაღის ომზე და აღნიშნა, რომ მაშინ სომხეთი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„2020 წლის ომი საშინელი იყო ბევრი ოჯახისთვის. მაგრამ მოდით, გულწრფელად ვთქვათ – ვინ იყო მაშინ სომხეთის გვერდით? საფრანგეთი, რამდენადაც შეეძლო, კი, მაგრამ რუსეთი იქ არ იყო“, – განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ მსგავსი მდგომარეობა მოსკოვს სხვა პარტნიორებთანაც ჰქონია.

მისივე თქმით, თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში, სჯობს, ქვეყნები ზედმეტად არ იყვნენ დამოკიდებული რუსეთზე.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპა დაინტერესებულია „ახალი სომხეთის“ მხარდაჭერით.

„ჩვენ გვინდა, მონაწილეობა მივიღოთ 21-ე საუკუნის სომხეთის შექმნაში – სომხეთის, რომელიც აღარ არის დამოკიდებული რუსეთზე, სრულად მიმართულია ევროპისკენ, ისწრაფვის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ და თავად აშენებს კეთილდღეობას საიმედო პარტნიორებთან, როგორიცაა საფრანგეთი“, – განაცხადა მაკრონმა.