ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროები - მივესალმებით „ნამახვანჰესზე“ საპატრიარქოს განცხადებას, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს
ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროები - მივესალმებით „ნამახვანჰესზე“ საპატრიარქოს განცხადებას, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

მივესალმებით „ნამახვანჰესზე“ საპატრიარქოს განცხადებას, მივმართავთ აქციების ორგანიზატორებს, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

სამინისტროების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ვითარების შემდგომი ესკალაცია.

„მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავენ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს, ყველა სადავო საკითხი განხილულ იქნას დიალოგის რეჟიმში, რათა ყველა შეკითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი და საზოგადოებას მიეწოდოს.ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია

მიგვაჩნია, რომ სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ვითარების შემდგომი ესკალაცია, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ადგილს დიალოგისა და პოზიციათა დაახლოებისთვის.

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ცივილიზებულ სამყაროში, რომლის ნაწილიც არის საქართველო, მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სადავო საკითხების მოგვარება. იმედი გვაქვს, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, თანხმობას განაცხადებენ დიალოგზე და ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მთელი საზოგადოების ინტერესებში იქნება და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.

აქციის ორგანიზატორების ბრალდების პასუხად ვიტყვით, რომ ჩვენ არ შეგვიწყვეტია დიალოგის პროცესი და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია სამეცნიერო და ექსპერტული ჯგუფებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული კვლევების შესწავლის კუთხით. ვფიქრობთ, ამ ფორმატით ურთიერთობამ უფრო გამჭვირვალე გახადა ამ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის განხორციელების პროცესი. იმედი გვაქვს, რომ კვლევების შესწავლის შემდეგ პროფესიულ საზოგადოებაში აღარ იქნება შეკითხვები „ნამახვანი ჰესის“ უსაფრთხოების შესახებ. აღნიშნული პროცესი პოზიციების საბოლოო შეჯერებამდე გაგრძელდება“, – აღნიშნულია სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.

საპატრიარქომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ შემაშფოთებელია დაძაბულობა რიონის ხეობაში. „მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა. ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს“, – აცხადებენ საპატრიარქოში.