ეკონომიკის სამინისტრო - იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის პროცესი ამომწურავად გასცემს პასუხს „ნამახვანიჰესის“ პროექტის შესახებ ყველა შეკითხვას
ეკონომიკის სამინისტრო - იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის პროცესი ამომწურავად გასცემს პასუხს „ნამახვანიჰესის“ პროექტის შესახებ ყველა შეკითხვას

საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრი „ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ხვალ მედიაციის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ეკონომიკის სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის პროცესი ამომწურავად გასცემს პასუხს „ნამახვანიჰესის“ პროექტის შესახებ ყველა შეკითხვას.

„12 ივნისს საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი „ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. მისი მსვლელობისას მოხდება პროექტში ჩართული მხარეების პოზიციათა დაფიქსირება და გამოიკვეთება ის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში დიალოგის გზით მოლაპარაკების მაგიდასთან იქნება შესაძლებელი.

ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი ადამიანების მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან დასხდომის კარგი მაგალითი გახდება, ხოლო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაცია – ეფექტიანი ფორმატი მხარეების პოზიციების დაახლოებისა და საქართველოსა და მისი ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის პროცესი, საბოლოო ჯამში, ამომწურავად გასცემს პასუხს „ნამახვანიჰესის“ პროექტის შესახებ საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას, ხოლო ამ პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენ მივიღებთ ჰიდროელექტროსადგურის ისეთ პროექტს, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.