ეკა ბესელია რატი იონათამიშვილს - ნუ მაწყვეტინებ და ნუ სარგებლობ რაღაცებით [ვიდეო]

ნუ მაწყვეტინებ და ნუ სარგებლობ რაღაცებით, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილს, როდესაც თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ვატო შაქარიშვილის დარბაზში შეშვების საკითხს განიხილავდნენ. დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ვატო შაქარიშვილს არ უშვებდნენ პარლამენტის იმ დარბაზში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ვატო შაქარიშვილს შეეძლო დაეკავებინა ის ადგილი, რომელიც რიგითი მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი.

„დაწყნარდი, რატი. შენ, ყველაფერზე ნუ გვპასუხობ. სირცხვილია, რასაც ხალხი უყურებს და ნუ სარგებლობ რაღაცებით. იქონიე ეთიკა და ნუ მაწყვეტინებ სიტყვას. არ არის საჭირო იმ დროს ჩარევა, როდესაც მმართველ პარტიას გამოქომაგება უნდა. თავს დაიცავენ თვითონ, მგონია რომ უკეთესად“, – ასე მიმართა ეკა ბესელიამ რატი იონათამიშვილს.

მოგვიანებით, ეკა ბესელია დარბაზიდან გავიდა და ვატო შაქარიშვილი დარბაზში შეიყვანა.