ვატო შაქარიშვილი მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძის მოსმენაზე ეკა ბესელიამ შეიყვანა
ვატო შაქარიშვილი მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძის მოსმენაზე ეკა ბესელიამ შეიყვანა

​დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ვატო შაქარიშვილს არ უშვებდნენ პარლამენტის დარბაზში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ. მოგვიანებით, დარბაზიდან გავიდა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც ვატო შაქარიშვილი დარბაზში შეიყვანა.

„როდესაც ნებისმიერ საქმეში თუ ადამიანთან მიმართებით ხარ მართალი, გაქვს არგუმენტები და არ გეშინია, მაშინ ასეთ მოქმედებებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება“ იქადნის, რომ ეს არის უაღრესად გამჭირვალე, ღია, საჯარო პროცესი. ჯერ მხოლოდ პარლამენტის შენობაში დამჭირდა რამდენიმე ბარიერის გადალახვა, შემდეგ ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავიარე, ახლა მეუბნებიან, რომ აივნიდან, ტელევიზორის მეშვეობით ვუყურო ამ პროცესს.

ამ დროს, მე მაქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური, სამართლიანი კითხვები მოსამართლეობის კანდიდატთან, რომელმაც 2012 წელს სხვა უამრავ ახალგაზრდასთან ერთად, მან პოლიტიკური დავალება შეასრულა და შეზღუდა ჩვენი პოლიტიკურ საზოგადოებრივი აქტივობა და პოლიტიკური ნიშნით გაგვასამართლა, ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მომისაჯა. აქ არ ვარ პირადი მოტივებით. მე მას, როგორც ადამიანმა ადამიანს, დიდი ხნის წინ ვაპატიე, მაგრამ როგორც მოქალაქემ მოსამართლეს, არ შემიძლია, ვაპატიო გამოტანილი უკანონო განაჩენი“, – განაცხადა დარბაზში შესვლამდე ვატო შაქარიშვილმა.