ეკა ბესელია - გია ვოლსკი მსაჯულის როლში ვერ იქნება, ამ როლიდან ერთმანეთს ნუ ველაპარაკებით
ეკა ბესელია - გია ვოლსკი მსაჯულის როლში ვერ იქნება, ამ როლიდან ერთმანეთს ნუ ველაპარაკებით

გია ვოლსკი მსაჯულის როლში ვერ იქნება, ამ როლიდან ერთმანეთს ნუ ველაპარაკებით, რადგან არის ეტაპი, როცა ჭკუის დარიგება არავის არ სჭირდება და საჭიროა, ყველამ აჩვენოს, ვინ რა პოზიციაზე დგას, რომელ პრინციპულ საკითხს იზიარებს და რატომ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განუცხადა, რომელიც გუნდში არსებული დაპირისპირების თაობაზე ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია გია ვოლსკის განცხადებაზე, რომ „სამწუხაროდ, სცოდავენ უმრავლესობის დღევანდელი წარმომადგენლები ერთი თუ მეორე მხრიდან, როდესაც კონკრეტული პერსონების დაპირისპირება მიმდინარეობს ღია ეთერში“.

ბესელიას თქმით კი, უმჯობესია, არგუმენტების ჭიდილი იყოს და არა იმის, ვინ ვისზე უკეთესია.

„არ მგონია, ჩემთვის ან ჩემი მეგობრებისთვის საკუთარი თავის დემონსტრირებისთვის იყოს საჭირო, რადგან დიდი ხანია, პოლიტიკაში ვართ და კარგად გვიცნობენ. ვისაც გაცნობა სჭირდება, შეიძლება, ეს მათთვის იყოს პერსონალური ინტერესების საგანი. ნორმალური და ჯანმრთელი პროცესია, როცა სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში სულ მცირე, ორ განსხვავებულ პოზიციას ვხედავთ. ეს ჯანმრთელი პოზიციაა, რადგან ერთ მოსაზრებაზე ყოფნა შეუძლებელი და წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია იმ ადამიანების პოზიციები ემთხვეოდეს, ვინც მართლმსაჯულებისთვის „ქართულ ოცნებამდეც“ იბრძოდა და ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც და ვინც საპირისპირო მხარეს იყო, ადამიანის უფლებებზე წარმოდგენა არ აქვს და ახლა ამ თემაზე საუბარი უფრო მომგებიანია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის დღევანდელ კომენტარსაც გამოეხმაურა, რომელიც მოსამართლეების შერჩევის წესის შესახებ ეკა ბესელიასა და კიდევ რვა დეპუტატის მიერ კანონპროექტის მომზადებას შეეხებოდა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, განსხვავებული მოსაზრებების ჭიდილს ყველა უნდა უყურებდეს, როგორც კარგ პროცესს და არა – სახიფათოს.

„როცა საკითხი შიდა პარტიულ ფორმატს სცდება და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროცესია, ხალხს უნდა ელაპარაკო. გუნდურობაზე ადრესატად თავს არ მივიჩნევ, რადგან გუნდურობის კლასიკური და ზოგჯერ თავგანწირვის მაგალითები საკუთარი ისტორიიდან შემიძლია მოვყვე. არის ხალხი, ვინც სამართალსა და სამართლიანობას ემსახურებოდა და არიან ადამიანები, ვინც სამართლის სახელით სხვებს ჩაგრავდნენ. შეიძლება, აქ პროცესს განსხვავებულად ვხედავდეთ. არის განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები, ამას თუ დავმალავთ, რადგან არაგულწრფელები ვიქნებით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება მამუკა ბახტაძის კომენატრს, პრემიერმა დღეს აღნიშნა, რომ უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს, ახლაც არის და მომავალშიც იქნება.

„ეს არის ძალიან ნორმალური, ჩვენ ამას უნდა მივეჩვიოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.