ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი - იმედია, წელს იმ შედეგებს მივაღწევთ, რაც მიზნად დავისახეთ #1TVSPORT
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი - იმედია, წელს იმ შედეგებს მივაღწევთ, რაც მიზნად დავისახეთ #1TVSPORT

16-18 აპრილს პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ათაბეგაშვილმა მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატსა და წლის მთავარ ამოცანებზე საქართველოს პირველ არხთან ილაპარაკა. 

„ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები პორტუგალიაში ორ ეტაპად გაემგზავრება. პირველი ჯგუფი 13 აპრილს წავიდა, მეორე ნაკადი კი ხვალ, 15 აპრილს გაემგზავრება. სულ ევროპის ჩემპიონატზე 9 ვაჟი და 5 გოგონა იასპარეზებს. შეიძლება ითქვას, რომ უძლიერესი შემადგენლობით მიდის, თუ არ ჩავთვლით 60 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებს. 81-ის გამოტოვების ხარჯზე სამწვრთნელო სტაფმა მონაწილეთა რაოდენობა სამ წონით კატეგორიაში გააორა. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ოლიმპიადისთვის ნაკრების დაკომპლექტება მიმდინარეობს“, – განაცხადა გიორგი ათაბეგაშვილმა საქართველოს პირველ არხთან.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ გუნდი წარმატებულ სერიას გააგრძელებს: „იმედია, იანვარში დოჰას მასტერსზე დაწყებული წარმატებული სერია ევროპის ჩემპიონატზეც გაგრძელდება. ეს იქნება იმის საფუძველი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე იმ შედეგს მივაღწევთ, რასაც ძიუდოს ფედერაცია მწვრთნელებთან და სპორტსმენებთან ერთად ისახავს მიზნად“.