ძიუდო | გიორგი ათაბეგაშვილი - ჩვენი ძიუდოისტების გრანდ სლემზე გამოსვლა გვაიმედებს, რომ ოლიმპიურ თამაშებზე სასურველი შედეგები გვექნება
ძიუდო | გიორგი ათაბეგაშვილი - ჩვენი ძიუდოისტების გრანდ სლემზე გამოსვლა გვაიმედებს, რომ ოლიმპიურ თამაშებზე სასურველი შედეგები გვექნება

თელ-ავივის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 8 მედალი მოიპოვა – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო, რამაც საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი მოგვიტანა საფრანგეთის შემდეგ, რომელმაც ქალთა გამოსვლის ხარჯზე გვაჯობა.

ვაჟების ჩათვლაში საქართველო უკონკურენტოა, მეორეზე 2 მედლით ესპანეთია, ხოლო უმედლოდ დარჩენილი საფრანგეთი ვაჟებში 22-ე იყო. ჩემპიონები ლაშა ბექაური (90) და გელა ზაალიშვილი (+100) გახდნენ, ვერცხლი თემურ ნოზაძემ (60) მოიპოვა, ხოლო მესამეზე ბექა ღვინიაშვილი (90), ილია სულამანიძე (100), გურამ თუშიშვილი (+100), ნუგზარ ტატალაშვილი (73) და ეთერ ლიპარტელიანი (57) გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანმა ამ რანგის შეჯიბრებებზე ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვა.

თელ ავივის გრანდ სლემზე ქართველი ძიუდოისტების გამოსვლა საქართველოს პირველ არხთან საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა შეაფასა.

„თუკი გადავხდავთ გრანდ სლემებზე საქართველოს ნაკრების გამოსვლებს, ახლა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ – ვგულისხმობ მედლების რაოდენობას. ეს კიდევ უფრო სასიამოვნო იმის ფონზეა, რომ რამდენიმე წონითი კატეგორიის ლიდერმა დაისვენა და თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზრდა სპორტსმენებს მიეცათ. მათ კი ეს შანსი გამოიყენეს. ამას მწვრთნელთა შტაბი გაითვალისწინებს, რადგან ეს ჯანსაღი კონკურენციაა“, – განაცხადა ათაბეგაშვილმა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა მომავალ ტურნირებზე ილაპარაკა: 

„ოლიმპიადამდე რადენიმე ღონისძიებაში მივიღებთ მონაწილეობას, მათ შორის არის უზბეკეთის გრანდ სლემი, შემდეგ თბილისის გრანდ სლემი, ევროპის ჩემპიონატი, პარიზის გრანდ სლემი და ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონატი. მწვრთნელები საბოლოოდ შეთანხმდებიან, ვინ სად და რომელ ტურნირზე განაწილდება. სასიხარულოა, ამ რანგის შეჯიბრებებზე ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში პირველი მედალი ავიღეთ – ეთერ ლიპარტელიანს 500 ქულა დაერიცხა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია, მეორე სპორტსმენი ტატიანა ლევიცკაც მოახერხებს და ოლიმპიურ ლიცენზიას აიღებს“.

ათაბეგაშვილის თქმით, 2021 წელს გასამართი ოლიმპიადის გადასახედიდან, თელ-ავივის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტების წარმატებული გამოსვლა დამაიმედებელია:

„საქართველოს ნაკრების მიერ ბოლო სამ შეჯიბრებაში (ევროპის ჩემპიონატი, დოჰას და ისრაელის მასტერსები) მოპოვებული მედლების რაოდენობა გვაიმედებს, რომ ოლიმპიურ თამაშებზე სასურველი შედეგები გვექნება. ოლიმპიადამდე ოთხი თვეა დარჩენილი, ბევრი ტურნირია და ძალებს კიდევ მოვსინჯავთ. იმედია, ოპტიმალურ ფორმაში შევხდებით იმ თამაშებს, რომელსაც ჩვენი გულშემატკივარი 5 წელია ელოდება“.