ძიუდო | ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ზაურ დვალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

გერმანიის ქალაქ პოტსდამში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ძიუდოში, ზაურ დვალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ფინალში ბელგიელ იარნ დუიკს იპონით სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ფინალურ ბლოკში ქართული ფინალი გაიმართება – ოქროს მედლისთვის ერთმანეთს მძიმეწონოსნები – საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი დაუპიროსპირდებიან.

კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა ნინო გულბანმა (70 კგ) და პორტუგალიელ ტაის პინასთან დამარცხდა.

18 ნოემბერს, შეჯიბრის დასკვნით დღეს ვაჟები – 81, 90, 100 და +100, გოგონები კი 70, 78 და +78 კგ-ებში გამოდიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე ბრწყინვალედ იასპარეზა გოგონათა შორის 57 კგ-ში მოასპარეზე 18 წლის ნინო ლოლაძემ, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა. 73 კგ-ში კოტე კაპანაძემ კი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინელ ჰორჩანკოს სძლია.