დონალდ ტრამპი – ზელენსკის იმდენი ფულით, რასაც ევროპა აძლევს და რაც წარსულში ჯო ბაიდენმა მისცა, არ სურს ომის დასრულება და ალბათ არც არასდროს სურდა

01:44, 19.10.2026

ზელენსკის იმდენი ფულით, რასაც ევროპა აძლევს და რაც წარსულში ჯო ბაიდენმა მისცა, არ სურს ამ ომის დასრულება და ალბათ არც არასდროს სურდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ზელენსკი რუსეთში დიზელის გადამამუშავებელ ქარხნებს ბომბავს, რაც ამერიკელ ფერმერებს პრობლემებს უქმნის.

აშშ-ის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ ზელენსკის ორი წლის წინ უკეთესი შეთანხმების დადება შეეძლო, ვიდრე დღეს შეუძლია.

„ზელენსკი რუსეთში დიზელის გადამამუშავებელ ქარხნებს სამიზნედ იყენებს, რადგან იცის, რომ ეს თავდასხმები სერიოზულ ზიანს აყენებს მსოფლიო დიზელის ბაზრებს, მათ შორის შეერთებულ შტატებში. ფერმერები, მესაქონლეები და ყველა სახის ბიზნესი ამით ძალიან იტანჯება, მაგრამ რუსეთი, მიუხედავად ამისა, დაბალ ფასად აგზავნის მილიონობით ბარელ დიზელს მსოფლიოში. ზელენსკის ეს არ ადარდებს და, გულწრფელად რომ ვთქვათ, იმდენი ფულით, რასაც ევროპა აძლევს და რაც წარსულში ჯო ბაიდენმა მისცა, მას არ სურს ამ ომის დასრულება და ალბათ არც არასდროს სურდა. მას შეეძლო უკეთესი გარიგების დადება ორი წლის წინ, ვიდრე ახლა შეუძლია. მისი ქვეყანა ქაოსშია, მისი მიწის დიდი ნაწილი დაკარგულია, მისი ოკეანეები და ზღვები გაქრა, ხოლო მისი მამრობითი სქესის მოსახლეობა შემცირდა, დაჭრილი და/ან გარდაცვლილია. მსურს, რომ ეს ომი დასრულდეს!“ – წერს ტრამპი.

ამასთან, მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესია. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის დასახმარებლად „ძალიან ცოტას ან საერთოდ არაფერს აკეთებს“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„რუსეთთან დაკავშირებით ჩემი გადაწყვეტილება ძალიან მარტივია. მე რუსეთსა და უკრაინას შორის ომში მშვიდობის მოლაპარაკების პროცესში ვარ და არ მინდა, ისეთი რამ გავაკეთო, რაც რუსეთს, სულელურად, მოლაპარაკების მაგიდიდან ჩამოაშორებს. დიდი პროგრესია მიღწეული და ეს მოიცავს მძევლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებსაც! ამ დოკუმენტზე ახლა ხელის მოწერა სწორედ ამას გამოიწვევს, მე კი მისი ხელმოწერა მოგვიანებით ან ნებისმიერ დროს შემიძლია, როცა მოვისურვებ! ალბათ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთი ძალიან ცოტას აკეთებს ან საერთოდ არაფერს აკეთებს ირანის ისლამური რესპუბლიკის დასახმარებლად იმასთან შედარებით, რისი გაკეთებაც მათ შეეძლოთ და მინდა, რომ ასე გაგრძელდეს და ასეც გავაგრძელებ, თუ სულელი ხალხი არ ჩაერევა ამაში“, – წერს ტრამპი.

მსგავსი