დონალდ ტრამპი - ისრაელი სამხრეთ ფარსის საბადოს აღარ დაარტყამს, თუ ირანი გაუაზრებლად არ გადაწყვეტს, კვლავ დაარტყას უდანაშაულო ქვეყანას, თუ ასე მოხდა, აშშ საბადოს მთლიანად გაანადგურებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო განრისხებულმა ისრაელმა დარტყმა მიაყენა ირანის სამხრეთ ფარსის ბუნებრივი აირის საბადოს.
როგორც ტრამპმა განმარტა, შეერთებულმა შტატებმა ამ თავდასხმის შესახებ არაფერი იცოდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, კატარს არავითარი კავშირი არ ჰქონია ამ თავდასხმასთან.
„აშშ-მა ამ კონკრეტული თავდასხმის შესახებ არაფერი იცოდა და კატარს მასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია. კატარმა არც იცოდა, რომ ეს მოხდებოდა. სამწუხაროდ, ირანმა არ იცოდა თავდასხმასთან დაკავშირებული არცერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და გაუმართლებლად და უსამართლოდ დაესხა თავს კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ობიექტის ნაწილს. ისრაელი ამ მნიშვნელოვან და ძვირფას სამხრეთ ფარსის საბადოს აღარ დაარტყამს, თუ ირანი გაუაზრებლად არ გადაწყვეტს, კვლავ დაარტყას უდანაშაულო ქვეყანას, ამ შემთხვევაში კატარს. თუ ასე მოხდა, აშშ, ისრაელის დახმარებით თუ მის გარეშე, სამხრეთ ფარსის გაზის საბადოს მთლიანად გაანადგურებს ისეთი ძალით, რომელიც ირანს არასოდეს უნახავს“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, მას „არ სურს ამ დონის ძალადობა“ გრძელვადიანი შედეგების გამო, მაგრამ თუ კატარის თხევადი ბუნებრივი აირის ქარხნებზე კვლავ განხორციელდება თავდასხმა, ამას უყოყმანოდ გააკეთებს.