დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუსეთს ციმბირში, შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაეხმარება

01:30, 06.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს დაეხმარება ციმბირში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით.

ტრამპს კითხვა დაუსვეს ციმბირში, შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების საკითხზე.

„ძალიან არ მსიამოვნებს, როცა ვხედავ, რომ ეს დაავადება აწუხებთ. ეს მძიმე, ძალიან მძიმე სენია. ადრე მის გაკონტროლებას ვახერხებდით, მაგრამ მიკრობები სულ უფრო და უფრო გაძლიერდნენ, ისინი ნამდვილ არმიას ჰგვანან. მიუხედავად თანამედროვე სამედიცინო შესაძლებლობებისა, ბაქტერიები გაცილებით ძლიერნი გახდნენ, ვიდრე ადრე იყვნენ. ის მეთოდებიც კი, რომლებიც პნევმონიის დროს ადრე ეფექტიანი იყო, ახლა ისე კარგად აღარ მუშაობს. ასე რომ, ჩვენ დავეხმარებით ყველას, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, აუცილებლად დავეხმარებით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, რუსეთში, ირკუტსკის ოლქში შავი ჭირისგან 28 წლის ქალი გარდაიცვალა. სტაციონარი, სადაც პაციენტი დაიღუპა, კარანტინის რეჟიმში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებამ შეწყვიტა ახალი პაციენტების მიღება და არსებულის გაწერა. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 200-მდე ადამიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. არსებული ცნობით, გარდაცვლილი სავარაუდოდ ლაბორატორიაში მუშაობდა, სადაც 25 სექტემბერს შავი ჭირის პათოგენის შემცველი საცდელი მილი დაზიანდა. ამ ვერსიას ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ.

მსგავსი