დმიტრო კულება აცხადებს, რომ ენერგოკრიზისის დასაძლევად უკრაინას ტრანსფორმატორები და საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება
დმიტრო კულება აცხადებს, რომ ენერგოკრიზისის დასაძლევად უკრაინას ტრანსფორმატორები და საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ენერგოკრიზისის დასაძლევად ქვეყანას სჭირდება ტრანსფორმატორები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამის შესახებ კულებამ კიევში ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იმისთვის, რომ აღვადგინოთ ენერგოსისტემა, ჩვენ გვჭირდება ორი რამ: ტრანსფორმატორები — ეს არის ენერგოსისტემის ყველაზე დიდი ნაწილი — და  საჰაერო თავდაცვა, რათა ჩამოვაგდოთ მტრის რაკეტები, რომლებითაც ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ხორციელდება“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, რუსული რაკეტებისგან თავდაცვის სისტემების გარეშე ენერგეტიკული კრიზისი გაგრძელდება, რადგან აღდგენილ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას კვლავ სარაკეტო დარტყმებით გაანადგურებენ.

„ეს წრე უნდა გავარღვიოთ. გვჭირდება ორი ელემენტი — სათადარიგო ნაწილები ენერგეტიკული სისტემისთვის და რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მის დასაცავად“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.