„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი - 4:0-ის შემდეგ პლეიოფში გასვლა გაძნელდება
„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი - 4:0-ის შემდეგ პლეიოფში გასვლა გაძნელდება

ძალიან სამწუხაროა, რომ დიდი ანგარიშით დავმარცხდით. ასეთ შედეგს არც ველოდი და არც ვიმსახურებდით, – ასე შეაფასა როტერდამში „ფეიენოორდთან“ ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა (4:0) თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ფელის ვისენტემ.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „დინამოს“ ესპანელმა დამრიგებელმა მედიასთან განაცხადა, რომ გუნდი მე-80 წუთამდე ცუდად არ თამაშობდა და მომხდარში ნაწილობრივ მსაჯი დაადანაშაულა.

„ჩვენ გუნდში პროფესიონალი ფეხბურთელები თამაშობენ და მიმაჩნია, რომ ამ შეხვედრისთვის „დინამო“ ფსიქოლოგიურად მზად იყო. ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, სანამ მთავარმა არბიტრმა მოედნიდან შულაია არ გააძევა. ჩემი, აზრით, მსაჯის ეს გადაწყვეტილება უსამართლო იყო. მომხდარმა გუნდი არია და ასეთი სამწუხარო შედეგი მივიღეთ. ოთხბურთიანი წაგების შემდეგ კი განმეორებით შეხვედრაში სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან გართულდება“, – აცხადებს ფელის ვისენტე.

„დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თქმით, შესვენების შემდეგ ლევან შენგელია ტრავმის გამო არ შეუცვლია „შენგელია „დინამოსთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მაგრამ მეორე ტაიმში ტაქტიკური ცვლილებები დაგვჭირდა და შენგელია ამის გამო დავასვენეთ“, – აღნიშნა ვისენტემ.

„დინამოსა“ და „ფეიენოორდის“ განმეორებითი შეხვედრა „დინამო არენაზე“ 15 აგვისტოს გაიმართება. უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება. თუმცა, „დინამოს“ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ხუთი დღის განმავლობაში შეუძლია.