„დინამოს“ გულშემატკივრებმა ცხადაძეს უპასუხეს #1TVSPORT
„დინამოს“ გულშემატკივრებმა ცხადაძეს უპასუხეს #1TVSPORT

თბილისის „დინამოსა“ და ჰაიფას „მაკაბის“ შეხვედრის შემდეგ ინციდენტი მოხდა – წაგებული (1:2) მატჩის შემდეგ, მეორე იარუსზე შეკრებილმა ჯგუფმა გასახდელისკენ მიმავალი ფეხბურთელები გააცილა შესაძახილებით – „სირცხვილია, სირცხვილია!“

გასახდელისკენ მიმავალი თბილისელთა მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ემოციებს აყვა. მან ამის შესახებ მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა:

„გუნდში სუფთა გულით მოვედით, თანაც ისეთ პირობებზე, ბევრს სასაცილოდ მოეჩვენება. „დინამო“ უნდა იყოს გამორჩეული გუნდი, კომპლექსური ნაბიჯები თუ არ გადაიდგა, მაშინ ერთმანეთს ნერვები რატომ უნდა ვუშალოთ? დიდი ბოდიში, ეს ემოციებია. გული ძალიან მწყდება, ნამდვილ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი. სიმართლეს შევხედოთ, ისრაელის ჩემპიონმა მხოლოდ ინდივიდუალურად გვაჯობა – ვინმე სხვა რამეს დამიმტკიცებს?“ – განაცხადა ცხადაძემ.

გულშემატკივრების გაერთიანება „დინამო ფიფიას გარეშე“ პირველად მაშინ მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც ბაქოს „ნეფთჩისთან“ შეხვედრის დროს ბანერი გამოფინა და „დინამოდან“ რომან ფიფიას წასვლა მოითხოვა, მაგრამ სტადიონის დაცვამ მალევე ჩამოახსნევინა.

„დინამოს“ გულშემატკივართა ეს ჯგუფი სოციალურ ქსელში აცხადებდა, რომ პროტესტი კვლავ გაგრძელდებოდა და რომ თბილისის „დინამოს“ საცდელ ექსპერიმენტად გადაქცევას წინააღმდეგ აქტიურობას არ მოერიდებოდნენ. გულშემატკივრების დაჯგუფება „დინამო ფიფიას გარეშე“ ცხადაძის კომენტარს გამოეხმაურა.

„კახა, ამ კონტინგენტით მეტს ვერ გააკეთებ. ის უფრო გვიკვირს, როგორ დათანხმდი თანამშრომლობას. რომან ფიფია, რომ გუნდის გასაძლიერებლად არაფერს აკეთებს, ეს ცხადზე ცხადია“ – წერია გულშემატკივრების მიმართვაში.

დატოვე კომენტარი