„დინამომ“ დამაჯერებლად მოიგო - შუბითიძის ხელში „საბურთალო“ პირველად დამარცხდა #1TVSPORT
„დინამომ“ დამაჯერებლად მოიგო - შუბითიძის ხელში „საბურთალო“ პირველად დამარცხდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ შეხვედრას „მიხეილ მესხი – არენამ“ უმასპინძლა – „საბურთალომ“ „დინამო თბილისი“ მიიღო და მოულოდნელად, დიდი ანგარიშით დამარცხდა. 

„დინამო“ დღევანდელ შეხვედრაში სათამაშო ფორმაზე 13 მაისის დიდი გამარჯვებისადმი მიძღვნილი ლოგოთი გამოვიდა. მათ მატჩი ძალიან დამაჯერებლად ჩაატარეს და პირველი ტაიმის დასაწყისში სწრაფად დაწინაურდნენ. მე-12 წუთზე ანგარიში ზორან მარუშიჩმა გახსნა, მე-18 წუთში კი დმიტრი მანდრიჩენკოს უხეში შეცდომის შედეგად მეკარესთან დასარტყმელ პოზიციაზე თორნიკე ახვლედიანი გავიდა და „საბურთალოს“ კარი მეორედ აიღო 0:2. შესვენებამდე კი მარუშიჩმა „საბურთალოს“ კარში დანიშნული პენალტი გამოიყენა, დუბლი შეასრულა (0:3) და ბომბარდირთა დავაში 7 გოლით გალიდერდა.

მეორე ტაიმში ორივე გუნდმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ მხოლოდ „დინამომ“ ისარგებლა – 90+2-ე წუთზე, თორნიკე მორჩილაძის გადაცემის შემდეგ „საბურთალოს“ კარი გიორგი გაბედავამ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:4 „დინამოს’ სასარგებლოდ.

საბოლოოდ, ხვიჩა შუბითიძის ხელმძღვანელობით „საბურთალომ“ პირველად წააგო, „დინამომ“ კი გასვლაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და 13 ტურის შემდეგ 28 ქულით ბათუმის „დინამოს“ დაეწია, მაგრამ პირად შეხვედრებში წაგების გამო მეორე პოზიციაზეა. „საბურთალო“ კი 21 ქულით ისევ მეოთხე პოზიციაზე დარჩა და გორის „დილას“ (22 ქულა) გადასწრების შანსი ხელიდან გაუშვა.

„საბურთალო“ – „დინამო“ თბ 0:4

გოლი: 0:1 მარუშიჩი (12. კუციას პასით), 0:2 თ. ახვლედიანი (18), 0:3 მარუშიჩი (45. პ), 0:4 გაბედავა (90+2. პასით)

12.05. 2021. თბილისი. „მიხეილ მესხი – არენა“

„საბურთალო“: გოშაძე – მალი, მუდრაკი (46. კაკუბავა), ჯგერენაია, ლაცაბიძე – შ. ნონიკაშვილი (46. ცნობილაძე), ტერა (76. ლ. ნონიკაშვილი) – მანდრიჩენკო, გ. კოხრეიძე (62. გოჩოლეიშვილი), ი. ტაბატაძე – თ. ტაბატაძე (62. შულაია)

მთავარი მწვრთნელი: ხვიჩა შუბითიძე

„დინამო“ თბ: კვასხვაძე – ხვადაგიანი (80. ბენიო), მონხილი, კობოური – პაპავა, მექვაბიშვილი – სპორკსლედე, კუცია (64. ქარდავა), ლ. ხარაბაძე (46. იაშვილი) – მარუშიჩი (80. მორჩილაძე). თ. ახვლედიანი (85. გაბედავა)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

მთავარი არბიტრი: ჯ. ხორავა

გაფრთხილებები: ი. ტაბატაძე (37), მუდრაკი (44), მალი (45), გ. კოხრეიძე (45), თ. ახვლედიანი (56)