„დინამო თბილისისა“ და „ჟალგირისის“ მატჩი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

09:58, 23.07.2026

„დინამო თბილისი“ უეფა-ს კონფერენსლიგის მეორე ეტაპის პირველ შეხვედრაში ვილნიუსის „ჟალგირისს“ 23 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება და მესამე ეტაპზე გასვლას შეეცდება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოსა და ლიეტუვის გამორჩეული გუნდების დაპირისპირების ისტორია გასული საუკუნიდან იწყება. ვილნიუსის გუნდი საბჭოთა ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა და „დინამოს“ 18-ჯერ შეხვდა. აქედან ოთხჯერ კლუბმა „სპარტაკასის“ სახელით იასპარეზა. თბილისელებმა 10 შეხვედრა მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს, 4-ში კი დამარცხდნენ. ბურთების შეფარდებითაც წინ „დინამოა“ – 29:16.

პირველი მატჩი 1953 წლის 21 ივნისს გაიმართა და „დინამომ“ 2:1 გაიმარჯვა, ხოლო საბჭოთა ჩემპიონატში მეტოქეს ბოლოს 1989 წლის 23 ოქტომბერს თბილისში ანგარიშით 3:1 სძლია. საინტერესოა, რომ ოფიციალურ შეხვედრებში ლიეტუვის გუნდს მესამე და ბოლო გოლი თემურ ქეცბაიამ გაუტანა, რომელიც ამჟამად თბილისელთა მთავარი მწვრთნელია.

შეხვედრას ნიდერლანდელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის – მთავარი არბიტრი რობინ ჰენსგენსი იქნება, მას როი დე ნასი და მაიკლ ოსვეიჯერი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯად უეფა-მ ალექს ბოსი დანიშნა.

მსგავსი