„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი - ვიმუშავებთ, რომ უკეთესი გუნდი ჩამოვაყალიბოთ
„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი - ვიმუშავებთ, რომ უკეთესი გუნდი ჩამოვაყალიბოთ

„დინამო თბილისმა“ ევროპის ლიგის განმეორებითი შეხვედრა ჰოლანდიურ „ფეიენოორდთან“ 1:1 დაასრულა, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში 1:5 წააგო და პლეიოფში ჰოლანდიელები გავიდნენ.

შეხვედრა თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფელის ვისენტემ პრესკონფერენციაზე შეაფასა და აღნიშნა, რომ მის გუნდს მოგება შეეძლო.

„ჩვენი მიზანი ყოველთვის და ყველა მეტოქესთან მოგებაა და ამიტომ, ამ შედეგით დამწუხრებულები ვართ. თუმცა არ გავჩერდებით და მუშაობას გავაგრძელებთ, ხვალ კიდევ უკეთესი გუნდი რომ გვყავდეს. ჩვენი ფეხბურთელებით ამაყები ვართ, რადგან კარგად ითამაშეს და მოგებაც შეგვეძლო. ევროთასებზე ოთხი თამაში მოვიგეთ, ერთი ფრედ დავასრულეთ და ერთი წავაგეთ. როტერდამს ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ რვა წუთში უბედურება მოხდა, თორემ გასვლა შეიძლებოდა“, – ამბობს ფელის ვისენტე.

მისი თქმით, გუნდის დაკომპლექტება დასრულებულია.

„ჩვენ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს და სატრანსფერო ფანჯარაც იხურება. შევეცდებით, წარმატებას ჩვენივე რესურსით მივაღწიოთ და უკეთესი გუნდი ჩამოვაყალიბოთ“, – განაცხადა „დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა.