დიმიტრი ხუნდაძე - „ნაცმოძრაობას“ არაფერი მოსწონს, თავიდან გორის ჰოსპიტალიც დაიწუნეს, უბრალოდ, მერე სხვა გზა არ ჰქონდათ, მათი მიზანი არის დესტრუქცია
დიმიტრი ხუნდაძე - „ნაცმოძრაობას“ არაფერი მოსწონს, თავიდან გორის ჰოსპიტალიც დაიწუნეს, უბრალოდ, მერე სხვა გზა არ ჰქონდათ, მათი მიზანი არის დესტრუქცია

ბოლო დღემდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში იმყოფებოდა, მას ყველაფერი უკეთდებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„როგორც კი დადგა საჭიროება, რომ შესაძლოა, შემდგომ დღეებში მისი ჯანმრთელობა გართულებულიყო და სირთულისკენ წასულიყო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ის გადავიყვანეთ. ამას ვამბობდით მანამდეც, რომ როცა საჭიროება დადგებოდა, ის გადავიდოდა იმ სივრცეში, სადაც მისი ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნებოდა დაცული“, – განაცხადა ხუნდაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი, რომ დღის წესრიგში დადგეს მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ გამოთქმული აზრი, რის შესახებაც მან გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ სასურველია, მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა გადაუვადდეს, რადგან ციხის პირობებში მისი რეაბილიტაცია გაჭირდება, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ზოგჯერ არის გარკვეული პოლიტიზირება და გადაჭარბებული შეფასებები, რაც არ უნდა გვიკვირდეს.

„პრინციპში, არ უნდა გვიკვირდეს. როცა მისი პირადი ექიმი შიმშილობის პირველი დღიდანვე ამბობს, რომ პაციენტი არის მძიმე, რა თქმა უნდა, აქ გარკვეული ეჭვი ჩნდება. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი მონაწილეობაც არის პოზიტიური, ჩავთვალოთ, რადგან ყოველდღიურ მონიტორინგში, ექიმებთან ერთად, ისიც იღებდა მონაწილეობას“, – განაცხადა ხუნდაძემ.

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, დაცული უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც სააკაშვილი, რადგან სიცოცხლის უფლება არის ყველას უფლება და ჩვენ ქვეყანაში ეს უფლება დაცულია.

„რა თქმა უნდა, წარსული მძიმეა ამ კუთხით, მაგრამ საბედნიეროდ, ეს არის წარსული და ეს ჩვენ ქვეყანაში არასოდეს აღარ განმეორდება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ოპოზიციის მხრიდან გაგრძელდება გარკვეული მოთხოვნები, თუნდაც, იგივე მიხეილ სააკაშვილის სხვაგან გადაყვანასთან ან სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მათგან პოზიტიურს არაფერს ელოდება.

„გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ მათგან პოზიტიურს არაფერს ველოდები, რადგან მათი მთავარი მიზანია, ქვეყანაში იყოს არეულობა. ისინი არავის არაფერს არ აცდიან და მათ შორის, 2012 წლიდან, რაც მე პოლიტიკაში ვარ და პარლამენტში მუშაობა მიწევს, სულ მახსოვს მათი მხრიდან ხელის შეშლა. სულ მახსოვს, რომ არაფერი არ მოსწონთ და მოსაწონაც კი იწუნებენ. შემდეგ, გორის ჰოსპიტალიც დაიწუნეს. უბრალოდ, მერე სხვა გზა არ ჰქონდათ, თორემ თავიდან იწუნებდნენ ამ კლინიკასაც, რომელიც არის მაღალი რეპუტაციის, არის საკმაოდ კარგად აღჭურვილი და იქ მომუშავე მედპერსონალი საკმაოდ მაღალი რეპუტაციისაა. მათი მიზანი არის დესტრუქცია და მხოლოდ დესტრუქცია, რომ სუნთქვის საშუალება არ მისცენ არავის, არც საზოგადოებას, არც ქვეყანას და არც ხელისუფლებას, რომ ქვეყანას, რაც შეიძლება, დიდი ზიანი მიადგეს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძემ ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები უკვე „ლელოს“ ბანერთან დგანან და მისი აზრით, ეს პროცესი გაგრძელდება.

„როცა ისინი ბრალს გვიყენებენ, თითქოს ჩვენ მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება და ლეტალური გამოსავალი გვინდოდა, მაშინ ამ პროცესს არ გავივლიდით – „კატეს“ დამონტაჟება, მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნა, ჩვენი პარლამენტარების სტუმრობა, შემდეგ ჰოსპიტალში გადაყვანა. ვფიქრობ, მათი ღია შეძახილები, რომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა არ შეეწყვიტა, სწორედ მიზანი იყო, რომ მათ გარკვეულ ნაწილს, ბევრ მათგანს, ალბათ, სწორედ ის უნდოდა, რასაც ჩვენ გვაბრალებენ, რათა კიდევ უფრო მეტად დაძაბულიყო. თუ ეს უნდოდათ, მათში ალბათ, ლიდერების კონკურენციაა და რა თქმა უნდა, ზოგიერთ მათგანს ნამდვილად სურდა, ეს ცუდად დასრულებულიყო. თუმცა, ჩვენ არ დავუშვებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დასრულებას და ჯანმრთელობის ზიანს, მაგრამ ასევე არ დავუშვებთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არეულობას“, – განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოებისთვის ერთი ბოდიშიც არ უთქვამს, მათ ჩადენილი დანაშაულები არც კი მოუნანიებიათ და აგრძელებენ თავიანთ გეგმას, რომ ხელისუფლებაში მოვლენ ძალადობის, შტურმის და დესტრუქციის გზით, მაგრამ ამას ხელისუფლება და საზოგადოება არ დაუშვებს.

„რა თქმა უნდა, საზოგადოება ამას არ დაუშვებს. დღეს, ხელისუფლება და ქვეყანა არის ძლიერი, რომ რევოლუციების ხაზით ვერავინ შეძლოს ხელისუფლებაში მოსვლა“, – განაცხადა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძემ ასევე განაცხადა, რომ სასამართლოზე დასწრება უნდა იყოს უზრუნველყოფილი და მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრების უფლება არ აეკრძალება, მაგრამ დასწრება რა ფორმით მოხდება, ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით მიიღება.