დიმიტრი გვრიტიშვილმა ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ცილისმწამებლური კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
დიმიტრი გვრიტიშვილმა ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ცილისმწამებლური კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა  კამათის ფონზე მიმდინარეობს. საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა, საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ცილისმწამებლური კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა.

გვრიტიშვილმა საბჭოს არამოსამართლე წევრებს ახსნა-განმარტება მოსთხოვა ერთ-ერთ ტელეკომპანიაში მოსამართლეთა ქონების შესახებ გასული სიუჟეტის შეფასებების გამო. მისი თქმით, ცილისმწამებლური კამპანია მიმართულია მთელი სასამართლო ხელისუფლებისა და ცალკეული მოსამართლეების დემორალიზებისკენ.

„გუშინ საზოგადოებამ და ჩვენც ვიხილეთ საბჭოს წევრთა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო შეფასებები. ერთი მათგანი ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლება გახრწნის პირასაა და სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, ხომ არ არის მოსამართლეთა ქონება უკანონო გზებით შეძენელი. მეორე წევრი აცხადებს, რომ პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია იგივე საკითხის გამოსაძიებლად. მინდა მოვისმინო საბჭოს სხდომაზე განმარტებები, ვრცელდება თუ არა საბჭოს წევრებზე ეთიკური ვალდებულებები”,- განმარტა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა, მერაბ გაბინაშვილმა და თამარ ალანიამ, რომელთა ქონების შესახებაც იყო საუბარი აღნიშნულ სიუჟეტში, რამდენიმე კითხვით მიმართეს ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს. თამარ ალანიას განცხადებით, ნაზი ჯანეზაშვილი მიზანმიმართულ კამპანიაშია ჩართული.

ფინანსური ვალდებულებების შესახებ შესაბამისი საბანკო დოკუმენტაცია წარმოადგინა მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა. მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტაციით ნათლად დასტურდება მისი ქონების წარმომავლობა.

„ეს არის მრავალგვერდიანი ფინანსური ვალდებულებების დოკუმენტი, ანალოგიური შეუძლია წარმოადგინოს ყველამ, ვისზეც ამ სიუჟეტში არის საუბარი, მოიტანოს და სკურპულოზურად გაიაროს. ჩვენ ვითხოვთ გამოძიებას. ეს არის სასამართლოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა”,-განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას მართავს, სადაც საბჭოს წევრები, დღის წესრიგის თანახმად, ცხრა საკითხს განიხილავენ.