დიდიე დეშამი - ჩვენი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე ჯგუფიდან გასვლაა, ოთხი ქულა გვაქვს და სწორ გზას ვადგავართ #1TVSPORT
დიდიე დეშამი - ჩვენი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე ჯგუფიდან გასვლაა, ოთხი ქულა გვაქვს და სწორ გზას ვადგავართ #1TVSPORT

ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მეორე წრეში საფრანგეთის ნაკრები უნგრეთს „პუშკაშ არენაზე“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში ქულები დაკარგა. მატჩის შემდგომ „ლე ბლუს“ მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ისაუბრა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს იყო თუ არა გუნდის წარუმატებლობის მიზეზი მაღალი ტემპერატურა.

„ეს რომ ვთქვა, ისე მიიღებთ, თითქოს ბოდიშს ვიხდი. სტადიონი გადაჭედილი იყო, რაც უნგრეთს საკმაოდ დიდ უპირატესობას აძლევდა. თანაც, ისინი თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მატჩს ატარებდნენ, თუ ცხოვრების არა, წლის მატჩს მაინც. სცენარმა, რომლითაც თამაში წარიმართა, მათ კიდევ უფრო დიდი ენერგია მისცა. ტემპერატურა ჩვენს მეტოქეზეც ისევე მოქმედებდა, როგორც ჩვენზე. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ტაიმში გვქონდა მომენტები, სამწუხაროდ, ისინი ვერ გამოვიყენეთ. უნგრეთმა კი თავისი ერთადერთი შანსი გამოიყენა და გაგვიტანა. ამის შემდეგ ისინი დროის გაყვანას ცდილობდნენ, დაცვაზე გადავიდნენ. ქულის მოპოვება მაინც შევძელით და მატჩი გადავარჩინეთ. კმაყოფილი ვარ. შედეგი დიდად არ მომწონს, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. ბევრჯერ დავარტყით კარში, ძელსაც მოვარტყით. თამაშისთვის არაფერი დაგვიკლია. არ წავაგეთ და უკვე მოპოვებულ სამ ქულას ერთი დავამატეთ. ეს კი ჩვენთვის კარს ღიას ტოვებს. ახლა მესამე თამაშზე ფიქრის დროა.“

დიდიე დეშამმა იმის შესახებაც ისაუბრა, ელოდა თუ არა უნგრელებისგან ასეთ წინააღმდეგობას.

„მე ყოველთვის ვიცი და ვიცოდი, რომ აქ მარტივი არაფერი იქნებოდა. ეს არ არის ის შემთხვევა, როცა გახვალ და ყველას დაამარცხებ. ჩვენი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე ჯგუფიდან გასვლაა. ოთხი ქულა გვაქვს და სწორ გზას ვადგავართ, თუმცა იდეალური იქნებოდა, ექვსი ქულა გვქონოდა.“