დიდი ფეხბურთი პირველ არხზე - დღეს ინგლისი და იტალია ევროპის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევენ #1TVSPORT
დიდი ფეხბურთი პირველ არხზე - დღეს ინგლისი და იტალია ევროპის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევენ #1TVSPORT

დღეს, ლონდონის „უემბლი“ ევრო 2020-ის ფინალს უმასპინძლებს – ინგლისი იტალიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:50 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს პირველი რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.

 

დედოფლის მიმართვა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიასთან მატჩამდე ინგლისის ნაკრების წევრებს მიმართა.

„მისტერ საუთგეიტ, 55 წლის წინ, მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი მსოფლიო ჩემპიონატზე, მენახა, რას ნიშნავდა მოთამაშეებისა და გუნდისთვის ფინალში გამარჯვება. მსურს გადმოგცეთ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მილოცვა ევროფინალში გასვლის გამო და გისურვებ ყველაფერს საუკეთესო ამ მატჩში. იმედი მაქვს, რომ ისტორიაში ჩაიწერება არა მხოლოდ შედეგი, არამედ თქვენი სულისკვეთება და თამაშით გამოწვეული სიამაყე“, – ნათქვამია ელიზაბეტ II განცხადებაში.

 

მიღწევები

ევროპის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება 11 ივლისს, ლონდონის (ინგლისი) „უემბლის“ სტადიონზე. შეხვედრა დაიწყება თბილისის დროით 23:00 საათზე. ბრიტანელებმა ერთადერთი საერთაშორისო წარმატება 1966 წელს მოიპოვეს – მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი მოიგეს. იმ გუნდის კაპიტანი ბობი მური იყო.

ინგლისელები დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნიან. ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი 1968 წელს მოიპოვეს, ხოლო ნახევარფინალში მეორედ 1996 წელს გავიდნენ.

იტალია გაცილებით ტიტულოვანი ნაკრებია: „სკუადრა აძურა“ მსოფლიოს ჩემპიონი 4-ჯერ (1934, 1938, 1982, 2006) გახდა, ორჯერაც (1970, 1994) ფინალისტი იყო, 1990 წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო 1978 წელს მე-4 ადგილზე გავიდა. თუმცა, იტალიელები ევროპის ჩემპიონატებზე გაცილებით სუსტად გამოდიოდნენ და ჩემპიონები მხოლოდ 1968 წელს გახდნენ, ფინალში კიდევ ორჯერ (2000, 2012) გავიდნენ, ხოლო ნახევარფინალში 1980 და 1988 წლებშიც მოხვდნენ. ამას გარდა, გუნდი ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია (1936).

 

ბოლო მატჩი

ეს გუნდები ბოლოს ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატზე 2012 წელს შეხვდნენ და 0:0-ის შემდეგ პენალტების სერია იტალიამ 4:2 მოიგო.

 

ევროისტორია

ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა. შინ 1966 წლის მსოფლიო თასის მოგების შემდეგ, ბრიტანელებმა ხუთჯერ წააგეს მთავარი ტურნირების ნახევარფინალში: ევროპის ჩემპიონატებზე კი ეს 1968 და 1996 წლებში მოხდა, მსოფლიო ჩემპიონატზე – 1990 და 2018 წლებში, ხოლო 2019 წელს – ერთა ლიგაზე.

იტალია ევროპის ჩემპიონი გახდა 1968 წელს, რის შემდეგაც 2000 და 2012 წლებში ფინალები წააგო. მაგრამ 1968 წლიდან იტალიელებმა მოიგეს მსოფლიო თასის ოთხი ფინალიდან ორი.

ევრო 2020 ნახევარფინალში რობერტო მანჩინის გუნდმა პენალტების სერიით დაამარცხა ესპანეთი. ამით დასრულდა მისი 13-თამაშიანი გამარჯვებათა სერია, თუმცა დაუმარცხებელი სერია უკვე 33 შეხვედრამდე გაიზარდა. ეს იყო იტალიელთა საოცარი ტრანსფორმაცია, რომელიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არ მონაწილეობდა, განსხვავებით ბრიტანელებისგან, რომლებიც იქ ნახევარფინალში გავიდნენ.

საინტერესოა, რომ მსოფლიო თასის გამოტოვებამ ხელი არ შეუშალა ჩეხოსლოვაკიას 1976 ევროს, დანიას – 1992 ევროს და საბერძნეთის – 2004 ევროს მოგებაში.

 

სავარაუდო შემადგენლობები:

იტალია: დონარუმა, დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი, ემერსონი, ბარელა, ჟორჟინიო, ვერატი, კიეზა, იმობილე, ინსინიე

ინგლისი: პიკფორდი, ვოკერი, სტოუნსი, მაგუაერი, შოუ, რაისი, ფილიპსი; საკა, მაუნტი, სტერლინგი, კეინი

საეჭვოა ფოდენის თამაში, რომელიც ტრავმირებულია. იტალიელებს კი ტრავმის გამო სპინაცოლა დააკლდებათ.

 

გადავხედოთ, როგორი გზა გაიარეს გუნდებმა ფინალამდე:

A ჯგუფი: იტალია – 9 ქულა, უელსი – 4 , შვეიცარია – 4, თურქეთი – 0.

რომი. თურქეთი – იტალია 0:3

რომი. იტალია – შვეიცარია 3:0

რომი. იტალია – უელსი 1:0

D ჯგუფი: ინგლისი – 7, ხორვატია – 4 , ჩეხეთი – 4, შოტლანდია – 1.

ლონდონი. ინგლისი – ხორვატია 1:0

ლონდონი. ინგლისი – შოტლანდია 0:0

ლონდონი. ჩეხეთი – ინგლისი 0:1

1/8-ფინალი

ლონდონი. იტალია – ავსტრია 2:1 (დამატებითი დრო)

ლონდონი. ინგლისი – გერმანია 2: 0

¼-ფინალები

მიუნხენი. ბელგია – იტალია 1:2

რომი. უკრაინა – ინგლისი 0:4

½-ფინალები

6 ივლისი

ლონდონი. იტალია – ესპანეთი 1:1, პენალტების სერია – 4:2

7 ივლისი

ლონდონი. ინგლისი – დანია 2:1 (დამატებითი დრო)

ფინალი

11 ივლისი

23:00 იტალია – ინგლისი

 

კანდიდატები

ვინ იქნება ევრო 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელი? არსებობს რამდენიმე რჩეული და ისინი ფინალისტ გუნდებში თამაშობენ.

1. რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი)

2. ჰარი კეინი (ინგლისი)

3. ლორენცო ინსინიე (იტალია)

4. ჰარი მაგუაერი (ინგლისი)

5. ჯორჯო კიელინი (იტალია)

6. ჟორჟინიო (იტალია)

7. ფედერიკო კიეზა (იტალია)

დატოვე კომენტარი