„დიარიო ასი“ - „ვალენსია“ მზადაა, „დინამოსგან“ მამარდაშვილის ტრანსფერი ახლავე გამოისყიდოს #1TVSPORT
„დიარიო ასი“ - „ვალენსია“ მზადაა, „დინამოსგან“ მამარდაშვილის ტრანსფერი ახლავე გამოისყიდოს #1TVSPORT

პოპულარული გამოცემა „დიარიო ასის“ მტკიცებით, „ვალენსიას“ ხელმძღვანელობა გიორგი მამარდაშვილის თამაშით მოხიბლულია და მზადაა, ახლავე გამოისყიდოს „დინამო თბილისისგან“ ლა ლიგის ახალ სენსაციად მონათლული მეკარის ტრანსფერი.

„ქართველმა მეკარემ, რომლის ორინეტირიც მანუელ ნოიერია, „ვალენსია“ „ხეტაფესთან” რამდენჯერმე გადაარჩინა. მამარდაშვილის ყოფილი პარტნიორი ვიქტორ მონხილი მას კურტუას ადარებს. გიორგი მამარდაშვილმა „მესტალიაზე“ გამართულ ლა ლიგის პირველ შეხვედრაში გულგრილი არავინ დატოვა. ქართველმა მეკარემ სადებიუტო მატჩი ჩაატარა, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა ივნისში, როდესაც „ვალენსიამ“ სარეზერვო გუნდში სათამაშოდ მიიწვია. ბორდალასმა (მწვრთნელმა) მას კარი მიანდო, სანამ სილესენი გამოჯანმრთელდება. „ვალენსიას“ მწვრთნელის ეს ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა. გასაკვირი არ არის, რომ „ვალენსია“ განიხილავს ვარიანტს, რომ გიორგისთან ახალი კონტრაქტი საზაფხულო „ფანჯრის“ ბოლომდე გააფორმოს“ – ამტკიცებს „დიარიო ასი“.

მამარდაშვილის ტრანსფერი მაისის ბოლოს შეთანხმდა. „ვალენსიაში“ 20 წლის ქართველი მეკარის გადაყვანის ინიციატორი ახალგაზრდა მენეჯერი, ლევან სეთურიძე გახლდათ.

20 წლის მეკარის სატრანსფერო უფლება დღემდე „დინამო თბილისს“ ეკუთვნის, რომელმაც „ლოკომოტივში“ საიჯარო ხელშეკრულებით გაუშვა.

შეთანხმების მიხედვით, გიორგის „ვალენსიაში“ ნახევარწლიანი იჯარით უნდა ეთამაშა, რაშიც „დინამო თბილისი“ თანხას მიიღებს. მაგრამ ესპანელებმა კონტრაქტში ტრანსფერის სრული გამოსყიდვის პირობაც შეიტანეს. ასეთ შემთხვევაში „დინამო თბილისის“ ბიუჯეტი მილიონი ევროთი გაიზრდება.