დღეს უიმბლდონზე ფინალისტები გამოვლინდებიან #1TVSPORT
დღეს უიმბლდონზე ფინალისტები გამოვლინდებიან #1TVSPORT

ლონდონში მიმდინარე 2021 წლის მესამე დიდი სლემის ტურნირზე დღეს ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება.

უიმბლდონის ფინალში გასასვლელად მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი კანადელ დენის შაპოვალოვს (12) შეხვდება, მეორე ნახევარფინალში კი იტალიელი მატეო ბერეტინი (9) პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩს (18) დაუპირისპირდება.

ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელსაც დიდი სლემის ტურნირებზე 19 გამარჯვება აქვს მოპოვებული, შეეცდება უიმბლდონი მეექვსედ მოიგოს და ამ გამარჯვებით მე-20 ტიტულს დაეუფლოს, რითაც მოპოვებული სლემების რაოდენობით როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალს გაუთანაბრდება.

სერბი უიმბლდონის მომქმედი ჩემპიონია. პანდემიის გამო 2020 წლის უიმბლდონის გათამაშება არ ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ტურნირი ესპანელი რაფაელ ნადალის გარეშე მიმდინარეობს, ხოლო როჯერ ფედერერი 1/4 ფინალში პოლონელ ჰურკაჩთან დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.