დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაერთვება #1TVSPORT
დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაერთვება #1TVSPORT

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე საშეჯიბრო დღეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი გამოვა.

საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას 60 კგ – ირაკლი ძიმისტარიშვილი, 67 კგ – ჯონი ხეცურიანი, 72 კგ – შმაგი ბოლქვაძე, 82 კგ – აივენგო რიკაძე და 97 კგ – გიორგი მელია შეეცდებიან. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები კი 18:45 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, კონტინენტის პირველობის პირველ დღეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი გამოვიდა, საიდანაც ორმა მათგანმა ნახევარფინალში იჭიდავა. ლერი აბულაძე (63 კგ) ფინალში გასასვლელად რუსეთის წარმომადგენელ ლოკიაევს შეხვდა და სამწუხაროდ 5:9 დამარცხდა და დღეს იგი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

130 კგ-ში მოასპარეზე იაკობ ქაჯაიას კი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ლიეტუველი ფრიდრიკასის დასამარცხებლად ორი წუთიც არ დასჭირდა. ქართველმა მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით 9:0 სძლია და ფინალში თურქ მოჭიდავეს შეხვდება.

რეპეშაჟიდან მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს თორნიკე ძამაშვილი (87). მის წონაში კი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი.

ფინალური ბლოკი დღეს 20:00 საათზე გაიმართება.