დებულებაში ცვლილება არ შევა და ეროვნული ლიგა ისევ ოთხ წრედ ჩატარდება - დავით მუჯირი განმარტავს #1TVSPORT
დებულებაში ცვლილება არ შევა და ეროვნული ლიგა ისევ ოთხ წრედ ჩატარდება - დავით მუჯირი განმარტავს #1TVSPORT

სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საქართველოს პირველ არხთან ეროვნული ლიგის სისტემაზე ილაპარაკა.

ცნობილია, რომ 14 აგვისტოდან სფფ-ის ეგიდით გასამართი ყველა ჩემპიონატი დროებით შეჩერდება. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო შეზღუდვები დააწესა – დადგენილების თანახმად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა ლიგა 4 სექტემბრიდან განახლდება, ხოლო შეცვლილი კალენდარი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

„ამის შესახებ ეროვნული ლიგის კლუბების წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ – ეროვნულ ლიგაში სამი ტურის გადადება მოგვიწევს. შესაბამისად, 4 სექტემბრიდან გათამაშება 23-ე ტურის მატჩებით განახლდება და თარიღებით გადაინაცვლებს. ამ ტურში მხოლოდ „სამტრედია“-„ლოკომოტივის“ მატჩი გაიმართა. ჯერჯერობით, ჩემპიონატის დებულებაში ცვლილება არ შევა და ტურნირი ისევ 4 წრედ ჩატარდება“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხთან დავით მუჯირმა.

სფფ-ის გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ დებულების შეცვლა არავის სურს:

„ჩემპიონატის სრულფასოვნად ჩატარება ყველას ინტერესშია. დაგეგმილია 36 ტური, რაც წლის დასაწყისში დამტკიცდა. ეს კლუბებთანაც გავიარეთ და გადაწყვეტილება მათაც მოიწონეს, რომ დაგეგმილი კალენდარი შევინარჩუნოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მინიმუმამდე დავიდეს იმის რისკი, რომ ჩემპიონატი კიდევ ერთხელ შეფერხდეს“.

მუჯირის თქმით, ჩემპიონატის უმაყურებლოდ გამართვის შესაძლებლობა არ განიხილებოდა:

„ის ორგანო არ ვართ, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს. შარშანაც საქართველოში პირველები გახლდით, ვინც კლუბებთან ერთად საკარანტინო პირობები დავაკმაყოფილეთ და ყველა რანგის შეჯიბრების განახლება მოვახერხეთ – თუნდაც იმიტომ, რომ გუნდები ევროტურნირებისთვის უკეთ მომზადებულიყვნენ. ამიტომ გვინდა მაქსიმალურად ადრე დავიწყოთ ჩემპიონატი, რომ ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების წევრებს მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 4 სექტემბრიდან ძველ რიტმში დავბრუნდეთ“.

დატოვე კომენტარი