დავით მუჯირი - ჯერ არ ვიცით, საქართველო-კოსოვოს მატჩზე მაყურებელს დაუშვებენ თუ არა #1TVSPORT
დავით მუჯირი - ჯერ არ ვიცით, საქართველო-კოსოვოს მატჩზე მაყურებელს დაუშვებენ თუ არა #1TVSPORT

დაესწრება თუ არა მაყურებელი 2 სექტემბერს ბათუმში დანიშნულ საქართველოსა და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ამის შესახებ კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.

„ეს ბათუმის ახალ არენაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი თამაში იქნება და რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, მატჩზე მაყურებლის დასწრება რამდენად მნიშვნელოვანია. ჩვენი და ყველას სურვილია, რომ ეროვნულ გუნდს გულშემატკივარმა ტრიბუნებიდან უქომაგოს. იმედიანად ვარ განწყობილი, მაგრამ დღეს ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ეს 2 სექტემბრამდე რამდენიმე დღით ადრე იქნება ცნობილი. შესაბამის უწყებებთან კონსულტაციებს გავივლით და მატჩამდე რა რეგულაციები იქნება, ეს ჯერ არ ვიცით“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან დავით მუჯირმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში ორ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ვილი სანიოლის გუნდი 2 სექტემბერს ბათუმის სტადიონზე კოსოვოს ნაკრებს უმასპინძლებს, 5 სექტემბერს სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო 8 სექტემბერს სტუმრად ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო შეზღუდვები დააწესა და 14 აგვისტოდან სფფ-ის ეგიდით გასამართი ყველა ჩემპიონატი დროებით შეჩერდება. დადგენილების თანახმად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა ლიგა 4 სექტემბრიდან განახლდება. ტურნირების განახლებული კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი