დავით ზალკალიანმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან სატელეფონო საუბარი გამართა
დავით ზალკალიანმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა სომეხ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას ასევე მიულოცა სომხეთში ჩატარებული დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის არსებული დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე. ხაზი გაესვა რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას იმ მნიშვნელოვანი წვლილის გამო, რაც ქართულმა მხარემ სომეხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნების საკითხში შეიტანა. თავის მხრივ, დავით ზალკალიანმა, ქართული მხარის სახელით, მზადყოფნა გამოთქვა, რომ საქართველო მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას შეასრულოს მშვიდობისმყოფელის ფუნქცია, რაც რეგიონის ქვეყნებს და მთლიანად რეგიონს დიალოგის, მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში დაეხმარება.