დავით ზალკალიანი - საქართველო პირნათელია „ღია ცის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით, რუსეთი კი, ცდილობს მის პოლიტიზებას, საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად შემოჰყავს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი
დავით ზალკალიანი - საქართველო პირნათელია „ღია ცის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით, რუსეთი კი, ცდილობს მის პოლიტიზებას, საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად შემოჰყავს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი

საქართველო პირნათელია „ღია ცის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით, რუსეთი კი, ცდილობს მის პოლიტიზებას და საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად შემოჰყავს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო უწყების გუშინდელ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, რუსეთი მზადაა, დაუშვას სადამკვირვებლო მისიები საზღვრის გასწვრივ 10-კილომეტრიან ზონებში, იმ პირობით, თუ საქართველო უარს იტყვის არსებული „ღია ცის შეთანხმების“ ძირითად დებულებებთან შეუთავსებელ პოზიციაზე და უზრუნველყოფს საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ფრენების დაშვებას.

„ეს განცხადება გაკეთდა 26 მაისს, ჩვენს დამოუკიდებლობის დღეს. ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებებზე, სადაც საქართველოს აქვს წარმატება, სადაც საქართველო არის ძლიერი, სწორედ იქ მიიტანეს თავდასხმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

რაც შეეხება ღია ცას, ამასთან დაკავშირებითაც დღეს გავრცელდა სამინისტროს ვრცელი კომენტარი. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საქართველო არის ერთგული მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთის ფედერაცია ახდენს საერთაშორისო და ნაკისრი ვალდებულებების და ხელშეკრულებების მისეულ ინტერპრეტაციას, რაც საერთოდ არ არის თავსებადი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, რა თქმა უნდა, არღვევს შეთანხმებას.

„რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველო პირნათელია საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და ასრულებს ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს ამ ხელშეკრულების პოლიტიზაციას და შემოჰყავს საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

ეს არის ოკუპირებული რეგიონები და სწორედ ათი კილომეტრის რადიუსში, რომელიც არის ამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან, არ აძლევს საერთაშორისო თანამეგობრობას უფლებას ფრენებთან დაკავშირებით. ამჟამად მათ განაცხადეს, თითქოსდა ისინი ხსნიან ამ შეზღუდვებს. ესეც არის გარკვეული ხრიკი, რომელიც ახალი არ არის, მსგავს ხრიკს მათ მიმართეს 2018 წელს, როდესაც ვენაში, ღია ცის საკონსულტაციო კომისიის ფარგლებში განაცხადეს, რომ მზად არიან, ეს შეზღუდვა მოხსნან იმის სანაცვლოდ, რომ საქართველომ დაუშვას რუსეთის ფედერაციის ფრენა საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით.

ჩვენ მაშინ განვაცხადეთ, რომ აქაც რუსეთი ცდილობს პოლიტიზებას ხელშეკრულების და ხელშეკრულების შესაბამისი თავები არის გამოყენებული იმისთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები შემოიყვანოს ამ ხელშეკრულებაში როგორც ე.წ. არაწევრი სახელმწიფოები და ამით მოახდინოს მათი ლეგიტიმაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ, ჩვენ გვაქვს შეჩერებული რუსეთთან მიმართებაში ეს შეთანხმება და ეს პოლიტიკა გაგრძელდება, რადგანაც ფაქტია, რომ ისინი არღვევენ და ისინი თავისებურ ინტერპრეტაციას უწევენ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.