დავით ზალკალიანი - პრემიერის გამოსვლა გაერო-ში ყოვლისმომცველი იყო, მან ჩვენი ქვეყნის ამბიციურ გეგმებსა და ხელშესახებ პროგრესზე ისაუბრა
დავით ზალკალიანი - პრემიერის გამოსვლა გაერო-ში ყოვლისმომცველი იყო, მან ჩვენი ქვეყნის ამბიციურ გეგმებსა და ხელშესახებ პროგრესზე ისაუბრა

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაერო-ში ყოვლისმომცველი იყო, მან ამბიციურ გეგმებსა და იმ ხელშესახებ პროგრესზე ისაუბრა, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღემდე ჰქონდა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაერო-ს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წვლილზე, ავღანეთში ჰუმანიტარული კრიზისის განმუხტვის პროცესში შეტანილ წვლილსა და იმ გმირობაზე ისაუბრა, რაც ქართველმა სამხედროებმა აჩვენეს ავღანეთში.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და ჩინეთს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელიც მათ პანდემიასთან გამკლავების პროცესში გაგვიწიეს.

„პრემიერ-მინისტრის დღევანდელი გამოსვლა იყო ყოვლისმომცველი. მნიშვნელოვანი გზავნილები გაკეთდა ქვეყნის სამომავლო პერსპექტივაზე და იმაზე, თუ როგორი ქვეყანა, როგორი სახელმწიფო უნდა იყოს საქართველო. ბუნებრივია, პრემიერმა ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელიც დღემდე ჩვენს ქვეყანას ჰქონდა და ეს პროგრესი მართლაც ხელშესახებია, თუნდაც ის მიღწევები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში მოიყვანა ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში. თუმცა, იქვე აღინიშნა, რომ გასაკეთებელი კიდევ უფრო მეტია და ამ თვალსაზრისით საქართველოს მთავრობას უაღრესად ამბიციური გეგმები აქვს. სწორედ ამ ამბიციური გეგმების ძირითად მიმართულებებზე გაკეთდა აქცენტები და მე ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ.

საუბარი იყო იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანამ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენს როლზე ავღანეთში, იმ გმირობაზე, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა აჩვენეს ავღანეთში, იმაზე, თუ რა წვლილი შეიტანა საქართველომ ავღანეთში ბოლო პერიოდში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის განმუხტვის პროცესში. პრემიერმა ისაუბრა იმაზე, რომ საქართველო მუდმივად არის საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით, ისე როგორც ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო თანამეგობრობა არის საქართველოს გვერდით, მათ შორის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით და მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, ჩინეთს იმ დახმარებისთვის, რომელიც მათ გაგვიწიეს პანდემიასთან გამკლავების პროცესში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი