დავით ზალკალიანი - მომავალ კვირაშიც გვექნება კომუნიკაცია კოლეგებთან ევროკავშირში განაცხადსა და იმ გეგმებზე, რაც ამ განაცხადის ეფექტიანად განხორციელების მიმართულებით გვაქვს
დავით ზალკალიანი - მომავალ კვირაშიც გვექნება კომუნიკაცია კოლეგებთან ევროკავშირში განაცხადსა და იმ გეგმებზე, რაც ამ განაცხადის ეფექტიანად განხორციელების მიმართულებით გვაქვს

მომავალ კვირაშიც გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია ევროკავშირში ჩვენს კოლეგა მინისტრებთან და ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან; ბუნებრივია, მთავარი საკითხი იქნება სწორედ განაცხადი და ის გეგმები, რა გეგმებიც აქვს ქვეყანას ამ განაცხადის ეფექტიანად განხორციელების მიმართულებით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 61-ე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.

დავით ზალკალიანის თქმით, დაისახა ამოცანა, რომ იყოს მჭიდრო კომუნიკაცია საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის.

„აუცილებელია პარლამენტის ჩართულობა ამ პროცესში და რომ პარლამენტის მხრიდან ჩვენ გვაქვს მზადყოფნა, ის ნაბიჯები, რომელიც პარლამენტის პრეროგატივაა, იყოს ასევე ეფექტიანად შესრულებული. ბუნებრივია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ჩვენი უახლოესი სამოქმედო გეგმის ნაწილია – კომუნიკაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, სტრატეგიული კომუნიკაცია მაქვს მხედველობაში, ისე ქვეყნის გარეთ ჩვენს პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებას ძალიან კარგად უნდა ავუხსნათ, თუ რა ნაბიჯები არის გადასადგმელი იმისთვის, რომ უახლოესი კითხვარის შევსების პროცესი იყოს ეფექტიანად განხორციელებული და ასევე, ჩვენ ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანაში გვჭირდება ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაცია იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ საზოგადოებას, დავანახოთ ჩვენი როლი და ფუნქცია, რით არის საქართველო მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის და რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს ევროკავშირს საქართველოს გაწევრიანებამ ამ გაერთიანებაში.

ამიტომ, დავალებები მიღებულია. თითოეულმა უწყებამ, თითოეულმა სამინისტრომ იცის ძალიან კარგად, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს პერსპექტივაში. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ამ კომისიის ფარგლებში რეგულარულად შევიკრიბებით და კომისია განიხილავს პროგრესს, რომელიც გვექნება, თუნდაც კითხვარის შევსებით მიმართულებით. ამ პროცესს, რა თქმა უნდა, აქტიურად გააკონტროლებს პრემიერ-მინისტრი, როგორც ამ კომისიის უშუალო თავმჯდომარე და ხელმძღვანელი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.